მუსიკა

მუსიკა საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში

ლევან ცხადაძე
0 კომენტარი

ალბათ არცთუ ისე ხშირად დაგვისვამს კითხვა: იყო თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული პროფესიული მუსიკის განვითარება შესაძლებელი, ანუ საეკლესიო ან სეკულარულ მუსიკაზე დაყრდნობით ახლის შექმნა და მისი განვითარება, როგორც ეს შუა საუკუნეების ევროპაში მოხდა?

კლასიკური მუსიკა საქართველოში

დღეს „პროფესიულ მუსიკას" უწოდებენ კლასიკურ მუსიკას, რომელმაც საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს შემოაღწია, მაგრამ ოპერის დიდი მოყვარულები ძალიან სწრაფად გავხდით. როგორც ამბობენ, ვერდის მომავალი მეუღლის ჯუზეპინა სტრეპონისთვისაც კი უმასპინძლია თბილისის ოპერას.

სამწუხაროდ, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ კლასიკური მუსიკის სწავლება საქართველოში იმ დროს განვითარების მაღალ დონეზე იყო. 1870-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა პირველ მუსიკალურ სკოლას (რომელიც 40 წლის მერე კონსერვატორიად გადაკეთდა), ცოტა მოგვიანებით კი ქართულმა საკომპოზიტორო სკოლამაც დაიწყო განვითარება.

ფილიმონ ქორიძე

პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა, ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე იყო. მან თავისი საოპერო კარიერა მილანის ლა სკალაში მიატოვა და 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მრავალხმიანი ქართული სიმღერების ნოტებზე გადატანა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო, რადგანაც ორ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ქვეყანაში ერთდროულად ცხოვრება, მაშინ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო.

გარდა ამ დადებითი მოვლენებისა, თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში ვერავინ შეძლო ქართული სიმღერის ფურცელზე გადატანა. შეიძლება მისი ხიბლი სწორედ სიმღერების ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობაზე გადასვლაა, მაგრამ მისი პირველწყაროს ფურცელზე დაფიქსირება ძირეულად შეცვლიდა ისტორიას.

მიქაელ მოდრეკილი

დასავლეთევროპელი ბერების მსგავსად, მე-10 საუკუნეში მიქაელ მოდრეკილმაც შეადგინა იადგარის სახით ქართული და ბიზანტიური საგალობლების კრებული (ნევმური დამწერლობით), მაგრამ მიქაელ მოდრეკილის ცოდნის გამგრძელებლის არანაირი კვალი არ არსებობს. შესაბამისად, მისი ნამუშევრების მუსიკალური ანალიზი დღეს პრობლემას წარმოადგენს.

პროფესიული მუსიკის დაბადების პოტენცია

სწორედ საგალობლების ნოტებზე გადატანით ჩაეყარა დასავლეთევროპულ მუსიკას საფუძველი. ქართული ხალხური სიმღერები, რომლებიც დასაბამს არქაული დროიდან იღებენ, ჰარმონიული სიმდიდრით და კომპლექსურობით გამოირჩევა. მიქაელ მოდრეკილის პრაქტიკის გაგრძელებას კი, შესაძლოა, ქართული მუსიკის განვითარების გზა სრულიად შეეცვალა. მის პრაქტიკაში ნოტების წერას ვგულისხმობ. ეს ცოდნა, როგორც მინიმუმ, სიმღერის წარმოშობას ნოტებზე დააფიქსირებდა.

ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ სიმღერები თავისით იქმნებოდა, მათ ნამდვილად ჰყავდა გამომგონებელი ანუ კომპოზიტორი, ადამიანი, რომელიც ამ სიმღერებს ნოტებზე გადაიტანდა და თავის სახელს ან მისი შემქმნელის სახელსაც დააფიქსირებდა. შესაბამისად, ძველი ქართველი კომპოზიტორების სახელებიც შემოგვრჩებოდა. არავინ იცის, თუ რა სახე შეეძლო ამ ყველაფერს მიეღო, მაგრამ ერთი რამ ცხადი იქნებოდა, რომ ხალხური შემოქმედების გარდა, პოლიფონია აკადემიურ სახესაც მიიღებდა.

ვინ იცის, იქნებ ქართული რენესანსის მუსიკაც კი შექმნილიყო, როგორც მე-15 საუკუნეში ფრანკო-ფლანდრიული საგუნდო მუსიკა შეიქმნა დასავლეთ ევროპაში. და თუ ხალხური ინსტრუმენტების შესაძლო განვითარებასაც განვიხილავთ, მაგალითად, ჭიანურის დახვეწას ვიოლა და გამბას ან ჩანგის განვითარებას არფის მიმართულებით, მაშინ შეიძლება შუა საუკუნეებში იმდროინდელი კლასიკური მუსიკისგან განსხვავებული, უნიკალური საგუნდო და ინსტრუმენტული პროფესიული მუსიკაც კი შექმნილიყო.

ეს ძალიან წააგავს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას. როგორც პოლიფონიური საგალობლები და სეკულარული სიმღერები, საეკლესიო არქიტექტურაც ასეთივე შესანიშნავია. მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის არცერთი ძეგლის ნახაზი არ არსებობს. ალბათ დამეთანხმებით, სიმღერებისგან განსხვავებით, არქიტექტურის ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობაზე გადაცემა გამორიცხულია. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ მშენებლები უბრალოდ ქვას ქვაზე ადებდნენ და ყოველგვარი პროექტის და ნახაზის გარეშე ოშკს, ბაგრატს, სვეტიცხოველს თუ გელათს აშენებდნენ.

როგორც ნოტებზე ჩაწერილი მრავალხმიანობა, ასევე ხუროთმოძღვრებაში ნახაზი ისტორიას დარჩებოდა. შემდეგი თაობა კი მას, როგორც სახელმძღვანელოს, ისე გამოიყენებდა. დღეს მკვლევრებს თავიდან უწევთ იმ პროპორციების და მოდულების ძიება, რის მიხედვითაც ქართული ეკლესიები არის აშენებული. ამ ინფორმაციის ქონის შემდეგ კი სვეტიცხოველის აგება ალბათ იდუმალებით მოცული აღარ იქნებოდა და არსაკიძის მარჯვენაზე ტყუილ-მართალიც გაირკვეოდა.

კლასიკური მუსიკის მოკლე ისტორია

დასავლეთევროპული მუსიკის (კლასიკური მუსიკის) ისტორია დაახლოებით შუა საუკუნეებიდან იწყება და ის მე-19 საუკუნემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ვითარდებოდა. მისი პირველი მაგალითები X-XI საუკუნის საეკლესიო მუსიკაში გვხდება, რომლის უწყვეტი შთამომავლობა დღემდე გრძელდება. ის პერიოდულად იცვლის სახეს, სტილს და შესრულების მანერას, რაც კლასიკური მუსიკის ულევ შესაძლებლობებსა და მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

პირველ მაგალითად შეიძლება საეკლესიო საგალობლები მივიჩნიოთ, რომლებიც ბერებმა თავისივე მოგონილ სანოტო სისტემაზე დაიტანეს (ნევმური დამწერლობა). დაახლოებით მე-17 საუკუნის ბოლომდე, ბაროკოს სტილის მიწურულს, კლასიკური მუსიკა ძირითადად რელიგიურ ან ძველ ბერძნულ თემატიკაზე იყო დაფუძნებული. ის, გარდა ეკლესიისა, მეფის კარზეც სრულდებოდა. შესაბამისად, კომპოზიტორი ან ეკლესიაში მსახურობდა, როგორც ორღანისტი და გუნდის ხელმძღვანელი, ანდა მეფის კარზე ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. მაგალითად, პროტესტანტი ბახის სამსახური კათოლიკურ ეკლესიაში ორღანისტობა იყო, ჰენდელი კი გეორგ პირველის კარზე ჯერ ჰანოვერში, შემდეგ ლონდონში კაპელმაისტერად მუშაობდა.

მე-18 საუკუნიდან კი, როდესაც კომპოზიტორის, მხატვრის ან ნებისმიერი სხვა შემოქმედის ნამუშევარს „ხელოვნება" დაერქვა და „ხელოვანობა", როგორც პროფესია, ისე ჩამოყალიბდა, თემატიკაც უმალ მრავალფეროვანი გახდა. თითქოს მათ უფლება მიეცათ, თავიანთ სასურველ თემაზე შეექმნათ ნამუშევრები. თუ მე-17 საუკუნეში მათეს და იოანეს სახარების მიხედვით შექმნილი მესები იყო მნიშვნელოვანი, მე-18-ში უკვე დონ ჯოვანი გახდა პოპულარული. ცოტა მოგვიანებით, ბეთჰოვენის შთაგონება სულაც ნაპოლეონი იყო, რომლისთვისაც „ჰეროიკული" სიმფონიის მიძღვნაც კი ჰქონდა განზრახული.

რომანტიზმის პერიოდში კლასიკური მუსიკის სწავლება და შესრულება ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენაც გავრცელდა. მაგალითად, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შვილმა, რომელიც მამისნაირი ნიჭით არ გამოირჩეოდა, ცხოვრება ლვოვში განაგრძო, სადაც ვიოლინოზე დაკვრას ბავშვებს ასწავლიდა. 1847 წელს კი ფერენც ლისტმა თითქმის მთელი შავი ზღვის დასავლეთი სანაპირო შემოიარა, დაწყებული კიროვოგრადიდან (ელიზაბეტგრადი) და ოდესიდან, დამთავრებული სტამბოლით, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა. აქედან ორი მხოლოდ სულთან აბდულ-მეჯიდისთვის გაიმართა. გერმანულმა და იტალიურმა მუსიკამ დიდი ზეგავლენა იქონია დამწყებ რუს კომპოზიტორებზეც და მე-19 საუკუნეში უკვე ისეთი კომპოზიტორები გამოჩნდნენ, როგორიც გლინკა, მუსორგსკი და ჩაიკოვსკია.

ამერიკაში კი ევროპელმა კოლონიზატორებმა პირველი კლასიკური მუსიკა მე-18 საუკუნეში შეიტანეს, მაგრამ განვითარების მაღალ წერტილს მან მე-20 საუკუნეში მიაღწია.

ბოლო ასწლეული თავისუფლად შეიძლება ყველაზე სწრაფად ცვალებად პერიოდად მივიჩნიოთ. თუ ბაროკოს, კლასიციზმის ან რომანტიზმის პერიოდი ათწლეულები გრძელდებოდა, მე-20 საუკუნეში, ყოველ 10-15 წელიწადში ახალი სტილი ყალიბდებოდა. დღესდღეობით კლასიკური მუსიკა თითქმის ყველა ქვეყანაში ისწავლება. ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი და სხვები კი ალბათ ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მუსიკოსები გახდნენ. მოცარტს მე-18 საუკუნეში თითზე ჩამოსათვლელ ევროპის ქვეყნებში იცნობდნენ და რამდენიმე ასეული მუსიკოსი თუ უკრავდა მის ნაწარმოებებს. ასევე, არც ბახი იყო თავის დროზე ყველასთვის ცნობილი, დღეს კი, მხოლოდ ჩინეთში, დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი უკრავს კლასიკურ მუსიკას ფორტეპიანოზე, შესაბამისად, მოცარტსაც და ბახსაც, რასაც ეს კომპოზიტორები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ.

უნივერსალური ანბანი

ბოლო საუკუნის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა და, ერთი შეხედვით, მათ კლასიკურ მუსიკასთან კავშირი არ აქვთ. მეორე მხრივ კი, ყველა მათგანი სწორედ კლასიკური მუსიკის ანბანით ხელმძღვანელობს. ამ ანბანს სათავე ძველ საბერძნეთში დაედო, შუა საუკუნეებში კი დასავლეთევროპელმა მუსიკოსებმა კიდევ უფრო დახვეწეს და განავითარეს. ინსტრუმენტის ან ვოკალისტის მიერ გამოცემულ ბგერებს, ამ ბგერების ყველა შესაძლო წყობას, მათ შორის ინტერვალებს და დროში განსაზღვრულ რიტმიკას სახელები დაარქვეს. ამ ჰარმონიის და რიტმის ძირითადი ამსახველი ტერმინოლოგია კი დღეს ყველა ახალჩამოყალიბებულ მუსიკის მიმდინარეობაში გამოიყენება. ანუ მაჟორი, მინორი, მარში თუ ვალსი (მენუეტი) – მოცარტისთვის, მიკ ჯაგერისთვის და ბრიტნი სპირსისათვის ერთი და იგივეა.

ბოლო

ჩვენი ისტორიის ინფორმაციის სიმწირეს, ხშირად, ჩვენს ავბედით ისტორიას – ომიანობას და დამპყრობლებს ვაბრალებთ, მაგრამ გვახასიათებს თუ არა ჩვენივე „კარგის" ვერშენარჩუნება და მისი ვერგანვითარება, ვერშეფასება და ვერდაფასება? „კარგში" ქართველების მიერ შეძენილი ცოდნის დაფიქსირება, მისი განვითარება და შემდეგი თაობებისთვის გადაცემა იგულისხმება, იქნება ეს ხელოვნება თუ სხვა. ყოველივე ეს კოლექტიურ ლუარსაბ თათქარიძეს აგვაცილებდა თავიდან, რომელიც, ალბათ, მრავალჟამიერსაც კარგად მღეროდა და ალავერდშიც ანთებდა სანთელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი: თუ იმას, რა ჯანდაბა ჰქვია, პრეზიდენტს

კომენტარები