ხელოვნება

როგორ მოვხვდეთ ვიტრინაში

ბოლო ხანებში რუსთაველის გამზირზე ფეხით თუ გაისეირნებდით, აუცილებლად შენიშნავდით 37 ნომერში, ვიტრინაში განთავსებულ ლურჯ ბიუსტს. ის, პირველ რიგში, იმით გვამახსოვრდება, რომ რთულია ერთ კონკრეტულ პიროვნებას დავუკავშიროთ. ამსტერდამში მცხოვრები ქართველი არტისტის, გიორგი ტაბატაძის ჩანაფიქრიც ეს იყო – საზოგადოებისთვის წარედგინა „უცნობი პროფილის მონუმენტი", რომელიც ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის კონფლიქტზე დაგვაფიქრებდა. ეს არის უცნობი ადამიანის ბიუსტი, რომელიც მხოლოდ სოციალური მედიის ვირტუალურ სივრცეში შეიძლება არსებობდეს. „ვფიქრობ, საინტერესოა ამის გამოფენა ქალაქში, სადაც ყველგან ვიღაცის ბიუსტია. მით უმეტეს, თბილისში, სადაც ყველა თავის აზრს გამოთქვამს facebook-ზე და მერე ნიუსებიც ვიღაცის სტატუსების მიხედვით კეთდება", – მითხრა გამოფენის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ირინა პოპიაშვილმა, რომელმაც გასულ წელს, თამუნა ღვაბერიძესთან ერთად, თბილისს ვიტრინის პროექტი წარუდგინა.

თბილისში ამ ვიტრინებს უკვე კარგად იცნობენ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ცდილობენ, ის გამოფინონ, რისთვისაც საზოგადოება ამ ეტაპზე მზად არის. ისე კი, ზოგადად, ცოტა თუ ხვდება ამ ვიტრინების დანიშნულებას. „ერთმა კაცმა ბერიაშვილის ეროტიკული ფილმის პოსტერს დიდხანს უტრიალა. შემდეგ დავინახე, რომ სადარბაზოში შევიდა. თურმე, ეგონა, იქ იყო ეს ფილმი, აფიშად მიიღო. ვერ აღიქვა, რომ ეს არტი იყო. თავიდან, პრეზენტაციაზე ტელევიზიებიდან რომ მოდიოდნენ, ყველა კითხულობდა, საიდან შევიდეთო. დაჟინებით ითხოვდნენ ვიტრინაში შესვლას. ეს იყო გენიალური, რომ ყველა შიგნით იწევდა და ვერ ხვდებოდნენ, რომ აქ, ტროტუარზე მთავრდებოდა ყველაფერი", – იხსენებს ირინა.
როგორც თამუნა ამბობს, ეს ვიტრინა არასტანდარტული გალერეის ფორმაა, რომელსაც პროფესიონალური გალერეის ფუნქცია აკისრია. „ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას art fair-ებზე. დავიწყეთ დუბაით, შემდეგი იქნება ვენა, ანუ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ვმუშაობთ. გვაქვს გაყიდვები თბილისში, ნიუ იორკში და სხვადასხვა ქალაქებში".

თუმცა პროექტის მიზანი ცალსახად კომერციული ხასიათის არ არის: „ვიღაცამ მკითხა, „ეს რას ნიშნავს, ვიტრინაში რომ არის გამოფენილი, შეუძლია ვიღაცამ დაგირეკოს და იყიდოს?" – ჰყვება პოპიაშვილი. ამას ასე მარტივად არ უნდა შეხედო. ამ ვიტრინის მიზანი არის ის, რომ რაც არის გამოფენილი, მაგალითად, ალფრედ ეპიტაშვილის გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს ხელოვნებად არ წარმოუდგენია, იქ რომ დაინახავენ, აღიქვან, როგორც ხელოვნება. გვინდა, რომ ამის აუდიტორია შეიქმნას. აქ არის გამოფენილი იმ ხალხის ნამუშევრები, ვისაც გამოფენები არ ჰქონია, ანუ მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს. ჩვენთან არ არის სახელმწიფო სივრცე – არაკომერციული საგამოფენო დარბაზი, სადაც შეიძლება ეს მხატვრები გამოფინო. ახალგაზრდა არტისტები კი ბევრნი არიან და ჩვენ გვინდა აუდიტორიას მათი შემოქმედება ვაჩვენოთ. მაგალითად, გიორგი ხანიაშვილის, რომელიც გადასარევი არტისტია. ასევე დათო კუხალაშვილის, ლუკა ცეცხლაძის... მათ შესახებ არც ისე ბევრმა იცის. შესაბამისად, პროექტს საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გემოვნების ჩამოყალიბება, როდესაც ფართო აუდიტორიაზე ვსაუბრობთ".

რაც შეეხება გაყიდვებს, პოპიაშვილი ფიქრობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა დამოკიდებულებაა. „ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა ძალიან რთულია და ამას დიდი ცოდნა სჭირდება. მით უმეტეს, რთულია, ხელოვნების ნიმუში მიჰყიდო პროფესიონალ კოლექციონერს. ის ქართველ მხატვარს ადვილად არ იყიდის, რადგან მისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ავტორის ისტორია – ვინ არის, საიდან მოდის, რა ფასეულობა ექნება, რას აკეთებდა აქამდე... არის მყიდველიც, რომელიც არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, თუ მის სავარძელს რა მოუხდება. ჩვენ მხოლოდ ასეთი მყიდველი არ გვაინტერესებს. ხანიაშვილი კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა იყიდა. ეს კი სხვა საქმეა, რადგან კონტექსტს – ვინ ყიდულობს და სად იყიდება, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს".

ამბობენ, „არტ დუბაიზე" ხანიაშვილმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეტიც, ზოგადი მოხსენება რომ გააკეთეს, მასზე ხანიაშვილის ქანდაკების ფოტო იყო გამოტანილი. კურატორებს მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „შეეძლოთ კუსამა გამოეტანათ წინ და არა ხანიაშვილი, მაგრამ ქართული თანამედროვე ხელოვნება ყურადღებას იქცევს, რადგან ახალი, უცხო და სხვანაირია". ასევე, გარდა იმისა, რომ სტამბოლში კარგი რეპუტაციის მქონე გალერეა კუხალაშვილის გამოფენის გაკეთებითაა დაინტერესებული, ახლო მომავალში ნიუ იორკში ჯგუფური ექსპოზიციის მოწყობაც იგეგმება ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.

ჯერჯერობით პროექტს ორი საგამოფენო სივრცე აქვს – რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, თუმცა, გასულ წელს გამონაკლისის სახით ექსპოზიცია კაფეში „ო, მოდა, მოდა" გაკეთდა. ამან კურატორებს საშუალება მისცა, პატარა ზომის ნიმუშებიც გამოეფინათ, ის, რაც დიდ ვიტრინაში, ჩვეულებრივ, იკარგება ხოლმე. გამოფენა იმითაც იყო განსხვავებული, რომ მონაწილეობა არაქართველებმაც მიიღეს – მასზე სამი ნიუ იორკელი მხატვრის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. ძირითადად კი, პროექტი ნაკლებად ცნობილი ქართველი არტისტების ნამუშევრების ჩვენებაზეა ორიენტირებული. თუმცა, ღვაბერიძე აღნიშნავს, რომ სექტემბრიდან უცხოელი ხელოვანების ჩამოყვანაც იგეგმება. ძალიან უნდა, რომ გამოფენა გააკეთონ არა მხოლოდ ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც – ვარკეთილში, სანზონაში...

როგორ აღიქვამენ თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციებს ქალაქის პერიფერიულ ნაწილებში, ამას დრო გვიჩვენებს. ალბათ, თავიდან, ვარკეთილის რომელიმე მიკრორაიონშიც ბევრი გამვლელი დაიბნევა და ვიტრინაში მოხვედრას დააპირებს, სწორედ ისე, როგორც ეს რუსთაველსა და ჭავჭავაძეზე ხდებოდა. შემდეგ კი შეეგუებიან აზრს, რომ თანამედროვე არტი არა ვირტუალური, არამედ რეალური სამყაროს ნაწილია, რომელში მოსახვედრადაც ვიტრინაში შესვლა საჭირო არ არის...

კომენტარები