კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ზაქარეიშვილი: კანონი უნდა ებრძოდეს ოკუპაციას და არა მოსახლეობას

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში მაინც დაჩქარდება. ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში არსებული ის ჩანაწერი შეაფასა, სადაც საუბარია ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვაზე.

“ეს არის ზოგადი რეკომენდაცია. ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, მართალია, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. სწორედ ეს ინიციატივა ჩემმა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში შეიმუშავა და 2013 წლის თებერვლიდან საქართველოს პარლამენტში განხილვის ეტაპზე იყო. პირველი მოსმენით გავიდა კანონი, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ შეჩერდა. ანუ ეს არის მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ინიციატივას, ვინაიდან ჩვენ ვერ მივსდევთ ბოლომდე, მერე უკვე ევროპა გვიკიჟინებს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ევროპა გვთავაზობს. ეს ჩვენი ინიციატივა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, რომ მათ შეახსენეს ქართულ საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა ებრძოდეს ოკუპაციას და არა მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს".

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტია "ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი".

კომენტარები