ტრანსპორტი

18 ივლისიდან თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა განახლდება

მესტიის მიმართულებით ფრენა განახლდება. პირველი რეისი 18 ივლისს შედგება.

5-თვიანი პაუზის შემდეგ მცირე ზომის თვითმფრინავი ნატახტრის აეროდრომიდან გაფრინდება. რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება და მისი ღირებულება 65 ლარი იქნება. ნატახტარის აეროდრომიდან ავიარეისები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, დღის 11 საათზე შესრულდება. მესტიიდან ნატახტარში გამოფრენა კი იმავე დღეებში 14:00 საათზე იქნება შესაძლებელი. რეისებს ჩეხური წარმოების L-410 ტიპის, 15-ადგილიანი საჰაერო ხომალდი შეასრულებს. 

თითოეული გაფრენა კომპანიას 3 100 ამერიკული დოლარი უჯდება. სუბსიდიების პირობებში, მომხმარებელი ბილეთის სრულს ფასს არ იხდის. ფრენებს საქართველოს მთავრობა 4 მილიონიანი სუბსიდიით წაახალისებს. 

კონტრაქტი სახელმწიფოსა და საავიაციო კომპანიას შორის 3 წელი გაგრძელდება და ამ სამი წლის განმავლობაში მომხმარებელი ფრენებზე სუბსიდირებულ ფასს მიიღებს. 

აღნიშნულ რეისთან დაკავშირებული ტენდერი ქართულმა კომპანიამ, სერვის ეარმა მოიგო, თუმცა, ქეთი ალექსიძის თქმით, ღია ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა. 

2010 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი გახსნა ოპერატორად კანადური კომპანია Ken Borek Air დაინიშნა. ამ პერიოდში დაიწყო რეგულარული რეისების განხორციელება თბილის-მესტია-თბილისი რეისით და მცირე ავიაციის განვითარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიას ეს რეისიც იღებდა. მესტიის აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას ვერტმფრენებიც უზრუნველყოფდნენ, რომლით მგზავრობის ღირებულებაც 50 ლარს შეადგენდა. 

10 ივლისს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს აფი გიგანმა განუცხადა, რომ მესტიის მიმართულებით რეისის ფასი 50 ლარი იქნებოდა, თუმცა გაერთიანებული აეროპორტების დირექტორი, ქეთი ალექსიძე არ ადასტურებს გაერთიანებული აეროპორტების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას.

კომენტარები