ფოსტის შესახებ კანონპროექტი

TI: 40-მდე გადამზიდი კომპანია იძულებული გახდება, საქართველოს ბაზარი დატოვოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ, ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა თქვა, ახალი კანონპროექტის მიღებით შესაძლოა ორმოცამდე საერთაშორისო კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს. მისივე თქმით, შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ეკა გიგაურის განცხადებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციას.

TI აღნიშნავს, რომ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომპანიების (DHL და TNT) წარმომადგენლები და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დიმიტრი ქუმსიშვილს და ნათია მიქელაძეს 16 აპრილს შეხვდნენ. ორგანიზაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს მიაღწიეს შეთანხმებას ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტრომ გადამუშავებულ კანონპროექტში არ ასახა შეთანხმებული რეგულაციები.

„ფოსტის შესახებ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზეც. კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების – DHL, TNT, UPS და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი დატოვონ. მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მხოლოდ თურქმენეთში დაფიქსირდა" - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია ბაზრის მონოპოლიზაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ, რეგულაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფა.

"კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ფოსტას ეროვნული ოპერატორის სტატუსი პირდაპირ (ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე) მიენიჭება და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. კერძოდ, საქართველოს ფოსტა 5 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნება და სხვა ოპერატორები მხოლოდ მისი „ქოლგის ქვეშ“ შეძლებენ თავიანთი მომსახურების მიწოდებას. კანონპროექტის მიღების შედეგად მხოლოდ საქართველოს ფოსტა შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას/გაგზავნას/გადაზიდვას/ჩაბარებას, აღნიშნულის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი არ არის გამართლებული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ შეესაბამება. კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასაც, რომლის მიხედვით საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და საფოსტო სარეზერვო მომსახურების არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული. ფოსტის შესახებ კანონის პროექტი ეწინააღმდეგება საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის პრინციპებს ადგენს, ითვალისწინებს უნივერსალური საფოსტო მომსახურების და საფოსტო მომსახურების სხვა სახეობის ბაზრების გამიჯვნას და მათ განცალკევებულ რეგულირებას" - აცხადებს TI.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფოსტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყოს კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა; საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით, ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია; უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის (კანონპროექტის მიხედვით „საქართველოს ფოსტა“) შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.

კომენტარები