ენერგეტიკა

ენერგო–პრო ჯორჯია: ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას

PowerAfrica

ენერგო-პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიას არ აქვს ინფორმაცია სექტემბრიდან ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით. ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, ტარიფთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა კი, რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ "ტარიფი ან ერთი თეთრით ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს" და "თუ უნდა სემეკს და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს".

სპეციალურ განცხადებაში კი, ენერგო-პრო ჯორჯია აღნიშნავს, რომ ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას.

"2014 წლის სექტემბერში ვადა გასდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ენერგო-პრო ჯორჯიას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ტარიფთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიამ სემეკს მიმართა განაცხადით ტარიფის გადახედვის თაობაზე. ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები კომპანიასა და სემეკში; განიხილება ტარიფის შემადგენელი ყველა კომპონენტი და მხოლოდ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, ტარიფი შეიცვლება თუ დარჩება უცვლელი. შესაბამისად, კონსულტაციების შემდგომი დასკვნის გარეშე, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანია კომენტარს ვერ გააკეთებს", - აცხადებს ენერგო-პრო ჯორჯია.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილი პასუხობს, რომ "ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს". მისივე თქმით, "ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია".

სემეკის ორგანიზებით, ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე არაზუსტი გათვლები კეთდებოდა და ტარიფების განახევრების რესურსი რეალურად არ არსებობდა. ამასთან, მთავრობამ დენის ტარიფი 3 თეთრით გააიფა. ენერგო-პრო ჯორჯიას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით - 12.98 თეთრი.

კომენტარები