ინფრასტრუქტურა

ქალაქი გუმბათის ქვეშ - დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი მოლი აშენდება

მსოფლიო მოლის მაკეტი
ziaruldeiasi.ro

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სამშობლო ახალი არქიტექტურული გამოწვევის წინაშე დგას - დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი მოლის აშენება იგეგმება.

Dubai Holding-ის დეველოპერმა 5 ივლისს განაცხადა, რომ ე.წ. მსოფლიოს მოლი 750 000 კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო კომპლექსს, ბროდვეით შთაგონებულ თეატრის უბანს, ბარსელონას La Rambla-ს მსგავს სადღესასწაული რაიონს, ლონდონის ოქსფორდის ქუჩის ანალოგიურ საშოპინგო ტერიტორიას, 80 000 კვადრატულ მეტრზე გათვლილ გამაჯანსაღებელ ცენტრს, მასშტაბურ საოჯახო გასართობ პარკს და 100 სასტუმროს მოიცავს. როგორც ცნობილია, კოლოსალური პროექტი 4 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე განხორციელდება.

აღნიშნული პროექტი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც მთლიანად კლიმატ-კონტროლით იქნება აღჭურვილი, რათა დაიცვას შოპინგის მოყვარულები ზაფხულის მაღალი ტემპერატურისგან, რომელიც რეგიონში ხშირად 37 გრადუს ცელსიუსსაც კი აღემატება.

კლიმატ-კონტროლი, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რითაც მსოფლიო მოლი მომხმარებელს მიიზიდავს - როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსა და კორპორაციებს.

„საოჯახო და ინდივიდუალური ტურიზმის განვითარება დღის წესრიგში დააყენებს დუბაის ტურისტული ინფრასრუქტურის გაძლიერების საჭიროებას. ჩვენი საბოლოო მიზანია, ვაქციოთ დუბაი კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ ცენტრად.  ჩვენი ამბიციები უფრო შორს მიდის, ვიდრე სეზონური ტურისტული ცენტრის შექმნაა, სწორედ ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა სასიამოვნო ტემპერატურით უზრუნველყოფილი გარემოს შექმნაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქი ყოველწლიურად 180 მილიონ ადამიანს უმასინძლებს“, - განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერმინისტრმა და დუბაის მმართველმა-შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

პროექტის დასრულების თარიღი და ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია.

დუბაი უკვე გამოირჩევა მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე უდიდესი სავაჭრო მოლით - ერთ-ერთი მათგანი დუბაი მოლია.

დუბაი ისწრაფის დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც საჭირო გახდება ვიზიტორთა გაზრდილი რიცხვის დასაბინავებლად მას შემდეგ, რაც დუბაი ახლო აღმოსავლეთის პირველ ქალაქად გადაიქცევა, რომელიც World Expo-ს  უმასპინძლებს 2020 წელს, რაც 25 მილიონამდე ადამიანს მიიზიდავს. ხელისუფლება ელის, რომ ღონისძიება 23 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს 2015-დან 2020-მდე, მისი ორგანიზება კი მხოლოდ 8.4 მილიარდი დოლარი დაჯდება. ახალი მოლის პროექტი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი წყალობით დუბაიში დაახლოებით 20 000 სასტუმრო ოთახი გაჩნდება. 

კომენტარები