ეროსი კიწმარიშვილი

წულუკიანი: ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს

თუკი ეს თვითმკვლელობაა, როგორც ამას, ამბობენ, ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც ადამიანს შეიძლება, დაემართოს, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროსი კიწმარიშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს.

„ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ამ წუთას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს. ყველა მიზეზების შესახებ ჭეშმარიტების დადგენით არის დაინტერესული. ზომიერება არ გვაწყენდა ყველას, როდესაც საქმე გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილის მიზეზებთან გვაქვს“, - ამბობს თეა წულუკიანი.

„ძალიან ვწუხვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობის ვერსია იქნება თუ თვითმკვლელობის, მიზეზების დასადგენად გამოძიება სწრაფად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს,“ - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

„დარწმუნებული ვარ, გამოძიებული იქნება, ეროსი კიწმარიშვილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა. ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, მიუხედავად იმისა, ეროსისთან, ვის, რა ურთიერთობა ჰქონდა“, - აღნიშნავს პარლამენტის ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე.  

„გული დამწყდა, ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი გარდაიცვალა. ვფიქრობ, გამოძიება დაადგენს, რა მოხდა. ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად იქნება გაცემული. ეს მნიშვნელოვანი საქმეა და მისი გამოუძიებლობა არ შეიძლება“, - მიიჩნევს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური.

„სამწუხაროდ, დღევანდელი საგამოძიებო ორგანოების იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეს ისე წარმართავენ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინონ. თავისთავად ფაქტი ტრაგედიაა და შოკისმომგვრელია. ბუნებრივია, მისი არა მხოლოდ ბოლოდროინდელი, არამედ მთელი აქტიური ცხოვრების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკასთან კავშირებს გაფიქრებინებს“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა სავარაუდოდ თავი მოიკლა და მანქანაშივე ნაპოვნია იარაღი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

კომენტარები