ეროსი კიწმარიშვილის საქმე

პროკურატურამ განცხადებიდან ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ვერსია ამოიღო

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი შეცვალა. განახლებული განცხადების თანახმად, სხვადასხვა ვერსიები განიხილება. რაც შეეხება თავდაპირველ ვარიანტს, მასში მკვლელობის ვერსიის შესახებაც იყო საუბარი.

„ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება, როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით“, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თავდაპირველ ვერსიაში იყო აღნიშნული. 

განცხადების მეორე ვერსიაში კი წერია "ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით".

პროკურატურის განცხადების თანახმად, აღმოჩენილია ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც. მოგვიანებით პროკურატურამ დააზუსტა, რომ აღნიშნული იარაღი ეროსი კიწმარიშვილის სახელზე დღეს - 15 ივლისს არის რეგისტრირებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით  საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. 

„2014 წლის 15 ივლისს, შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა“, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხსადებით კი ეროსი კიწმარიშვილმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

კომენტარები