კანონიერი ქურდი

ენმ: ე.წ. რემენას საქმეზე ხელისუფლება უკრაინას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც აცხადებს, რომ 1997 წლის შემდეგ, საქართველოში კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე, ე.წ. რემენა არ შემოსულა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გოგა ონიანმა თქვა, პროკურატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 ივლისის საჩივრის საპასუხოდ სწორედ ამას აღნიშნავს, ბარბაქაძის საქართველოში შემოსვლა არ ფიქსირდება.

"2014 წლის 2 ივლისს შევიტანეთ საჩივარი მთავარი პროკურატურაში, სადაც ვითხოვდით გამოძიების დაწყებას კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის, ე.წ. რემენას საქართველოში უკანონო შემოყვანის ფაქტთან დაკავშირებით. გუშინ მივიღეთ პასუხი პროკურატურიდან, სადაც წერია, რომ 1997 წლის შემდეგ, რემენას შემოსვლა საქართველოში არ ფიქსირდება. ჩვენი პოზიციაც სწორედ ეს იყო, რომ არ იყო დაფიქსირებული და ისე შემოიყვანეს საქართველოში. სამწუხაროა, როდესაც ვიცეპრემიერის და სხვა ნებისმიერი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მზად არის უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ უთხრას, რომ მათ მიერ მოპოვებული ყველა დოკუმენტი არის მცდარი, ტყუილი. მაშინ, როცა უკრაინა აცხადებს, რომ ბარბაქაძის დეპორტირება მოახდინა საქართველოში და კონკრეტულ დოკუმენტებს ასაჯაროებს, ეს არ ხდება საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის საფუძველი, რომ დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რატომ არ მოხდა რომან ბარბაქაძის შემოყვანის აღწერა შესაბამის დოკუმენტებში და მზად არიან, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა ერთი ან რამდენიმე ადამიანის ინტერესების გამო", - განაცხადა ონიანმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა". პარტიის ინფორმაციით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა.

კომენტარები