ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კალაძე კიწმარიშვილის საქმეზე: ჩემთვის გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძისთვის გაუგებარია პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება. გიორგი მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე თქვა, რომ "ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს".

"არ ვიცი, ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგის ეს განცხადება, მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. დაველოდოთ გამოძიებას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება", - აღნიშნა კალაძემ.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. ამასთან, ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის თქმით, „ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ მითხრა, რომ ძმისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვა სურდა“.

კომენტარები