დანაშაულის სტატისტიკა

შსს-ს სტატისტიკით, დანაშაული შემცირდა, თუმცა, მკვლელობის ფაქტები გაზრდილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 2014 წლის ივნისის თვეში დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით შემცირდა. შსს დანაშაულის ივნისის თვის სტატისტიკას აქვეყნებს და იქვე აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, გახსნის პროცენტული მაჩვენებელიც შემცირებულია (48.8%). წინა წლის ივნისში, გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 52.26% იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შემცირებულია დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 12 ერთეულით. კერძოდ, თუ 2013 წლის ივნისში ამ კატეგორიის 114 დანაშაული დარეგისტრირდა, წელს, ამავე თვეში - 102. ამ ტიპის დანაშაული შემცირებულია მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლების ხარჯზე. ორი ერთეულით მოიმატა განზრახ მკვლელობამ და რვა ერთეულით კატეგორიამ - "სხვა დანარჩენი" (მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური სტატისტიკის მიხედვითვე, გასული წლის ივნისთან შედარებით, 2014 წლის ივნისში 4.35%-ით (14 ერთეული) გაიზარდა დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. თუმცა, შსს-ს მტკიცებით, 9.16%-ით (102 ერთეული) შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და 60%-ით (120 ერთეული) დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მონაცემებით, 2014 წლის ივნისის თვეში გასულ წელთან შედარებით 60%-ით (325 ერთეული) შემცირდა ნარკოტიკული დანაშაული. სამინისტროს სტატისტიკით, 2013 წლის ივნისში ნარკოტიკული დანაშაულის 538 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის ივნისში - 213 შემთხვევა. მაშინ როცა, 2014 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით, ნარკოტიკული დანაშაული 763 ერთეულით იყო გაზრდილი. კერძოდ, 2013 წლის იანვარ-მაისში ნარკოდანაშაულის 1704 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის ხუთ თვეში სამართალდამცავებმა ანალოგიური დანაშაულის 2 467 შემთხვევა აღრიცხეს. წინა სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ "ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით სტატისტიკა გაუმჯობესებულია", თუმცა, მათივე სტატისტიკა საწინააღმდეგოს მეტყველებდა.

კომენტარები