სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გამოძიებას ითხოვს

„ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოძიებასაც ვითხოვთ, არის ის, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას უკავშირდება. ამის შესახებ გამოძიება არ ჩატარებულა“, - თქვა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ნანუაშვილმა 2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიში წარადგინა.

როგორც ნანუაშვილი ამბობს, ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბებიდან გამომდინარე, გახმაურებული საქმეების შესახებ ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეუსაბამოდ მწირია.

ნანუაშვილი პარლამენტის, მთავრობისა და პროკურატურისადმი შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების კუთხით ხელისუფლება არასაკმარის ნაბიჯებს დგამს.

„მთავარ პროკურატურას წამების, არადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების სისტემური გამოძიების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის რეკომენდაციით მივმართავთ“, - ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე გამოძიების (და არა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას) დაწყებას ითვალისწინებს.

კომენტარები