მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

კამერონი: ჩვენ გვაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ გაცილებით მეტი გვჭირდება

videocdn.itar-tass.com/

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი facebook-ის საკუთარ გვერდზე ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოგდებას გამოეხმაურა.

"ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც დაკარგეს ძვირფასი ადამიანები, მათ შორის ბრიტანეთის იმ მოქალაქეების ოჯახებთან, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. მე დღეს ტელეფონით ვესაუბრე ავსტრალიელ და ჰოლანდიელ პრემიერმინისტრებს - მათ დაადასტურეს მსხვერპლის საზარელი რაოდენობა. მე ასევე ვესაუბრე მალაიზიელებსაც, ჩვენ ამ გზით ვცვლით ინფორმაციას, რაც მომხდარზე გვაქვს.

ეს არის აბსოლუტურად შემზარავი, შოკისმომგვრელი და საშინელი შემთხვევა, ჩვენ ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ რა მოხდა და როგორ მოხდა. ჩვენ გვაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ გაცილებით მეტი გვჭირდება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო და გამოვიკვლიოთ ყველა გარემოება. ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა გზის გამოყენებით, რათა სიმართლე დადგინდეს", - წერს კამერონი.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დაპირისპირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის გრძელდება. ოთხშაბათს საღამოს, უკრაინული საბრძოლო ვერტმფრენი რუსულმა თვითმფრინავმა ასევე რაკეტით ჩამოაგდო. ოფიციალური კიევი აცხადებდა, რომ მოსკოვი სეპარატისტების პირდაპირი მხარდამჭერია.

კომენტარები