თვითმფრინავის ჩამოგდება

ობამა: თვითმფრინავი, როგორც ჩანს, პრო-რუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს

0 კომენტარი

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვიმთმფრინავი პრო-რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ხმელეთზე ბაზირებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით ჩამოაგდეს. ობამამ მომხდარს ენითაღუწერლად აღმაშფოთებელი უწოდა.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ პრო-რუსი სეპარატისტები მხარდაჭერას რუსეთისგან იღებენ, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის სახით. პრეზიდენტმა „სანდო საერთაშორისო გამოძიების" საჭიროებაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ამერიკის, სულ მცირე, ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.

ამასთან, ობამამ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტკენ მოუწოდა უკრაინის მთავრობასა და სეპარატისტებს, რათა მომხდარის საერთაშორისო გამოძიება სათანადოდ წარიმართოს.

დღესვე, შტატების ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. მისი თქმით, არსებობს „სარწმუნო მტკიცებულება", რომ ბოინგი 777 რუსული ანტისაჰაერო სისტემით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან განადგურდა. პაუერისვე თქმით, თუ მომხდარზე პასუხისმგებელნი პრო-რუსი სეპარატისტები არიან, გამოძიება ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ამ სისტემის მართვაში მათ რუსეთი ეხმარებოდა.

ავიაკომპანია მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შეიქმნას სახელმწიფო კომისია ICAO-სა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების სპეციალისტების, ასევე ნიდერლანდებისა და მალაიზიის სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით.

„არის მტკიცებულებები, რომ რუსეთმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმები "გრადის" სისტემიდან, ასევე საზენიტო რაკეტებიდან ჩვენი თვითმფრინავების წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მესამე ტრაგიკული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავები АН-26 და СУ-25. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითმფრინავიც ჩამოაგდეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არანაირი საჰაერო მოქმედებები არ განუხორციელებია", - წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები