ეროსი კიწმარიშვილი

პრეზიდენტი: მუდმივად FBI-ის ექსპერტების მოწვევა პრინციპულად არასწორია

პრეზიდენტი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრინციპულად არასწორია საქართველოში „მუდმივად" FBI-ის ექსპერტების მოწვევა და მათზე იმედის დამყარება. ეს მოსაზრება გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქვა, როდესაც ჟურნალისტმა მას ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე საზღვარგარეთიდან ექსპერტების მოწვევის მიზანშეწონილობაზე კითხა.

„მუდმივად FBI -ის ექსპერტების მოწვევა და იმედის დამყარება იმაზე, რომ FBI გამოიძიებს საქართველოში მომხდარ დანაშაულებს, პრინციპულად არასწორია. დავიწყოთ იმით, რომ ვნახოთ, რას გააკეთებს გამოძიება, შევაცადოთ, აქტიურად იყოვნენ ჩართული ადგილობრივი ექსპეტებიც, ეს პროცესი იყოს სანდო საზოგადოებისთვის და არა მუდმივად იმის გამო, რომ საქართველოში იყოს კვალიფიციური გამოძიება, ჩამოვიყვანოთ FBI-ის ექსპერტები. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მე მინდა, რომ საქართველოში ბოლოსდაბოლოს შედგეს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ენდობა მოსახლეობა. ამიტომ, არ შეიძლება თავიდანვე დისკრედიტაცია მოახდინო შენი გამომძიებლის, შენი პროკურორის. არამედ, თავიდან უნდა ენდო. ეს არის სწორი დამოკიდებულება. ჯერ ენდე. თუ შემდეგ უპასუხოდ დარჩება კითხვები, მერე დავიწყოთ მათი კრიტიკა", - ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, ის ხედავს, რომ გამოძიების მასალებთან დაშვებულია ყველა მხარე: „უნდობლობის არგუმენტი ჩემთვის ჯერჯერობით არ წამოწეულა წინ" - ამბობს პრეზიდენტი.

კომენტარები