კრემლი და ეკლესია

ქართველი მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე პუტინთან შეხვედრას დაესწრო

0 კომენტარი
მიტროპოლიტი გერასიმე ფოტო: kremlin.ru

ბოინგ 777-ის ჩამოგდებიდან ერთი დღის შემდეგ, გუშინ 18 ივლისს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძეც მიიღო.

მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები მოსკოვს სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ შეხვედრის სტენოგრამაში ვკითხულობთ, მართლმადიდებელმა სტუმრებმა პუტინს მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ჩვენ, მართლმადიდებლები - და მე ვფიქრობ, ყველა მართლმადიდებელი მსოფლიოში - ვუყურებთ რუსეთს როგორც დიდ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს არა მხოლოდ მართლმადიდებლ რწმენას, არამედ იცავს ადამიანის უფლებებს ყველგან. ამის გამო ჩვენ მადლიერნი ვართ და ვლოცულობთ" - განაცხადა შეხვედრაზე იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ტიმოთემ.

ანტიოქიელმა მიტროპოლი ილია კი პუტინით ამაყობს და მას დიდ პრეზიდენტს უწოდებს: "თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ ვამაყობთ რასაც აკეთებთ. ჩვენ გვახარებს, გიხილოთ თქვენ ტაძარში, როცა ჩვენთან ერთად ლოცულობთ. ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ გიხილოთ თქვენ, მორწმუნე ადამიანი, უდიდესი პრეზიდენტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს ყველგან, რომელიც იცავს ადამიანებს რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან სხვა ქვეყნებში.."

ვლადიმერ პუტინმა მართლმადიდებელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და აღნიშნა: "მადლობას გიხდით თქვენი მსახურებისთვის და მოველი თქვენს მორალურ, ზნეობრივ და სულიერ მხარდაჭერას იმ ფასეულობების დაცვაში, რომელსაც ყველანი ვემსახურებით".

მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძის სიტყვა ოფიციალურ წყაროებში არ არის წარმოდგენილი. ტაბულა შეეცდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისგან მოიპოვოს კომენტარი, გააკეთა თუ არა რაიმეგვარი განცხადება მიტროპოლიტმა გერასიმემ შეხვედრისას და ფიქრობს თუ არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებს იცავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დაადასტურა, რომ პუტინთან შეხვედრისას მიტროპოლიტი გერასიმე არა ცალკეულ მღვდელმთავარს, არამედ ეკლესიას წარმოადგენდა ოფიციალურად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები