ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კალაძე: ვფიქრობ კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ძალიან მალე დასრულდება

ვფიქრობ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და სიმართლეს გავიგებთ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის შენობაში ეროსი კიწმარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება ძალიან უხერხულია.

"მინდა, მივუსამძიმრო ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ამ ადამიანის წვლილი ქართული მედიის ფორმირებაში, მის განვითარებაში არის უსაზღვროდ დიდი. რაც შეეხება გამოძიებას, დაველოდოთ მის დასრულებას და გავიგებთ ყველაფერს. ნაადრევად ცოტა უხერხულია კონკრეტულ მიმართულებებზე საუბარი. ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და გავიგებთ სიმართლეს" - განაცხადა კალაძემ.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა.

კომენტარები