ქართველები ციფრულ ტექნოლოგიებში

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მონაწილე პირველ ათეულშია

კასპერ პემპელი / REUTERS

2014 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ტაიბეიში გაიმართა. ოლიმპიადაზე თითოული ქვეყნიდან 4 ან მეტი კონკურსანტია წარმოდგენილი.

ჯამური შედეგებით 308 კონკურსანტს შორის საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ სვანიძე მე-10 ადგილს იკავებს 502 ქულით. სვანიძის გარდა, საქართველოს კიდევ 3 მონაწილე წარმოადგენს. ელენე მაჩაიძე 90-ე ადგილზეა 319 ქულით, გიორგი სხირტლაძე 135-ე ადგილზეა 240 ქულით, ნიკა ნადირაძე კი 202 ქულით 166-ე ადგილს იკავებს.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად 1989 წელს გაიმართა ბულგარეთში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კომპიუტერული მეცნიერებების შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც UNESCO-სა და IFIP-ის პატრონაჟით ხორციელდება. შეჯიბრი 11-18 წლის ბავშვებისთვის არის გათვლილი და  მოიცავს ორდღიან პაექრობას კომპიუტერული პროგრამირების ამოცანების გადაჭრაში ალგორითმების გამოყენებით. გამარჯვებისათვის მხოლოდ კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა არ კმარა. აუცილებელია კრეატიული აზროვნებაც.

კონკურსი ორდღიანია და თითოულ საკონკურსო დღეზე მონაწილეებს ეძლევათ სამი ამოცანა, რომელიც 5 საათში უნდა ამოხსნან. თითოეულ კონკურსანტს მოეთხოვება, რომ მხოლოდ კომპიუტერის გამოყენებით, დამატებითი კომუნიკაციისა და წიგნების დახმარების გარეშე ამოხსნას მოცემული ამოცანა. შემდეგ იკრიბება ორივე დღის განმავლობაში დაგროვებული ქულები  და დაჯილდოვების ცერემონიალზე კონკურსანტები იღებენ შესაბამის ჯილდოს ქულათა ჯამის გათვალისწინებით.

კონკურსანტთა პირველი ნახევარი ჯილდოვდება მედლით. მედლები შემდეგი პროპორციით ნაწილდება : ოქრო 1/12, ვერცხლი- 2/12, ბრინჯაო- 3/12, მონაწილეთა ნახევარი კი მედლის გარეშე ტოვებს ოლიმპიადას.

2012 წლის ოლიმპიადაზე იტალიაში საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯიმშერ სხირტლაძე 124-ე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა სამშობლოში. 2013 წლის ოლიმპიადაზე კი, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, ჯიმშერ სხირტლაძემ 81-ე ადგილი და ბრინჯაოს მედალი, გიორგი გულიაშვილმა კი 33-ე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები