სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: საკმარისზე მეტი არჩევნები გვქონდა, ახლა საჭიროა მუშაობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა.

"საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ საკმარისზე მეტი არჩევნები გვქონდა ამ ორი წლის განმავლობაში. ახლა საჭიროა მუშაობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა შვიდი მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ეცნობება, ის კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. როგორც თადუმაძე ამბობს, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, აღნიშნული საკითხი შვიდი დღის ვადაში განიხილოს.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. თუ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი ნდობას კვლავ ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ პარლამენტი ნდობას მესამედაც ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

კომენტარები