სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი: პარლამენტს მივმართავ კითხვით, შეინარჩუნა თუ არა მთავრობამ ნდობა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი მინისტრების კანდიდატების განხილვაში არ მონაწილეობს. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პრემიერმინისტრის საქმეა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი პრეროგატივაა, პარლამენტს მიმართოს შეკითხვით – შენარჩუნებულია თუ არა ის ნდობა, რაც მთავრობისადმი საკანონმდებლო ორგანომ ნოემბერში დააფიქსირა.

”მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანომ ასეთი პროცედურა განახორციელა შარშან ნოემბერში და ეს ლეგიტიმაცია მიეცემა მთელ მთავრობას. იმ შემთხვევაში, როცა 1/3-ზე მეტი, ანუ არსებულ შემთხვევაში 7 მინისტრი იცვლება, ისმის კითხვის ნიშანი, შენარჩუნებულია თუ არა ასეთი ნდობა. ამ კითხვის ნიშნით საქართველოს პრეზიდენტი მიდის პარლამენტთან და საკითხს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე უყენებს საქართველოს პარლამენტს. დღეს არსებული განცხადებით, 7 მინისტრი შეცვლილია. როგორც კი ჩვენ გვექნება ახალი მინისტრების სახელები და გვარები, ჩვენ ასეთი კითხვით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მან უნდა გადაწყვიტოს, უცხადებს თუ არა ის ნდობას ახალ მთავრობას. ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა. ესაა ნორმალური პროცესი ისეთი ტიპის კონსტიტუციაში, რომელიც გვაქვს. მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე პარლამენტს არა სპეციფიკურად მინისტრებს წარვუდგენ, არამედ მე მას ვუსვამ კითხვას – ის ნდობა, რომელიც გამოცხადებული იყო 20-წევრიანი მთავრობის შემადგენლობისთვის, არის თუ არა შენარჩუნებული ახლა, როცა 7 წევრი გამოაკლდა, ანუ ისევე ენდობა თუ არა მას, როგორც შარშან ნოემბრის თვეში ენდო?”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

კომენტარები