არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

მოქალაქე: რუსთავი 2-ს წესად აქვს ქცეული ბინძური კამპანიების გაჩაღება

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ტელეკომპანია რუსთავი 2-ს წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება". მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სწორედ რუსთავი 2-ზე გავიდა და აღნიშნავს, რომ "ორგანიზაცია არ აპირებს, უპასუხოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთავი 2-ზე ექსპრეზიდენტისა და თავად რუსთავი 2-ის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და რიტორიკას". ცნობისთვის, სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურს, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის პირობებში, "რუსთავი 2-ის წაღება რთული იქნებოდა". 

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლო გამონათქვამების სიმბოლოს - შალვა ნათელაშვილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ჩვენც შესაბამისად არ ვპასუხობთ". მოქალაქე იხსენებს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ "რამდენიმე დღის წინ იმიტომ მიანიშნა მაესტროს ეთერში ჟურნალისტების დიალოგისას ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომ იქ მყოფი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს, რასაც ვერ ვიტყვით ტელეარხ რუსთავი 2-ზე, რომელსაც წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება".

ყოფილი პრემიერის დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მხარს უჭერს საჯარო სივრცეში არგუმენტირებულ კრიტიკას და აზრთა ჭიდილს, "მაგრამ არა ჭორაობას, უმეცრებასა და მდაბიო რიტორიკას".

"შესაბამისად, იმ პირებისა და ორგანიზაციების გამონათქვამებზე, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის ეტალონი შალვა ნათელაშვილია, ჩვენი ორგანიზაცია რეაგირებას არ მოახდენს არც დღეს და არც მომავალში, სანამ ისინი სერიოზულობით არ მოეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს და მეტ პატივისცემას არ გამოიჩენენ საზოგადოების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი აწერს ხელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები