რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე უკრაინელებმა ტყვედ ჩაიგდეს

ტამერლან ენალდიევი
Screenshot / TSN

უკრაინული ტელეარხის, ТСН-ის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე მოხალისეთა ბატალიონის, აიდარის მებრძოლებმა ლუგანსკის ოლქში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, ტამერლან ენალდიევი ტყვედ ჩაიგდეს

დაკავებისას ენალდიევს იარაღი და უკანონო შეიარაღებული ძალების მებრძოლთათვის განკუთვნილი ძვირადღირებული მედიკამენტების შესყიდვის დოკუმენტები აღმოაჩნდა. ენალდიევის მტკიცებით, უკრაინელი ძალოვნების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ის მონაწილეობას არ იღებდა. 

ბატალიონ აიდარის მეთაურის, სერგეი მელნიჩუკის განცხადებით, ენალდიევის ტერორისტების მიერ ტყვედ აყვანილ უკრაინელ მფრინავზე, ნადეჟდა სავჩენკოზე გაცვლის შესაძლებლობა განიხილება. სავჩენკო ამჟამად რუსეთში, ვორონეჟის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ТСН-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის ფედერაციის 35 მოქალაქე ჩაიგდეს ტყვედ. 

საომარი მოქმედებების რუკა 21 ივლისის მდგომარეობით
ფოტო: უკრაინის თავდაცვის საბჭო
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მდებარე დასახლებული პუნქტები დერჟინსკი, რუბეჟნი და სოლედარი გაათავისუფლა. გრძელდება შეტევა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით. უკრაინელი ძალოვანები კვლავინდებურად აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის აეროპორტებს და ქალაქ ლუგანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.

ორგანიზაცია პრავი სექტორის ლიდერმა, დმიტრო იაროშმა საკუთარი Facebook გვერდის საშუალებით რამდენიმე საათის წინ ქალაქ დონეცკში უკრაინული არმიის მოწინავე სამხედრო ნაწილების შესვლის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ კი ქალაქის მცხოვრებლებს მისი დატოვებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები