სამთავრობო ცვლილებები

სუბარი: პრემიერმა ჩემი შემცვლელი შეარჩია, ის ღირსეული და გამოცდილი პირია

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრემიერმინისტრს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. როგორც სუბარმა მაესტროს 9-იანში თქვა, "პირი, რომელიც სამინისტროში ჩემს შემცვლელად მიდის, ღირსეული და გამოცდილია". მისივე განმარტებით, "ის გვარი, რომელიც მთელი დღე ტრიალებს ეთერში, არ არის. ვინც მოდის, არის ძალიან ღირსეული. ის სასჯელაღსრულების სისტემიდან არ არის, მაგრამ არის გამოცდილი ძალიან ბევრ სფეროში". ცნობისთვის, გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუბარს ლევან იზორია შეცვლიდა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროში მის საქმიანობას, ყოფილი მინისტრი უწყებაში გატარებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც ჩვენმა გუნდმა გასწია. ის ძირითადი რეფორმა, ძირითადი ამოცანა, რისთვისაც მივედით, რაღაც დონეზე გადაწყვეტილად მიმაჩნია. გასაკეთებელი პრაქტიკულად გავაკეთეთ და კმაყოფილი ვარ. დღეიდან რჩება თანდათანობითი გაუმჯობესება. მოხდა სისტემის ჰუმანიზაცია, წესრიგი დამყარდა ისე, რომ არ იყო ძალადობა. ადამიანის პატივისცემა, პიროვნების პატივისცემა დაბრუნდა ამ სისტემაში", - აღნიშნა სუბარმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

 

კომენტარები