თავდასხმა სომეხთა ეკლესიაზე

ომბუდსმენი: სომეხთა ეკლესიაზე თავდასხმა ადეკვატურად გამოსაძიებელია

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი 19 ივლისს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაზე თავდასხმას ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ინციდენტი ზედმიწევნით ზუსტად და ეფექტურად გამოიძიონ. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფაქტს არ მოჰყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. ომბუდსმენის განცხადებით, კონტექსტიდან გამომდინარე, "უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით წარიმართოს".

"მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული თვითმხილველთა გამოკითხვებით, ასევე, ინციდენტის ამსახველის ვიდეო მასალის შესწავლით დასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩადენასაც, როგორიც არის ხულიგნობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯანმრთელობის დაზიანება თუ სხვა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა საგამოძიებო ორგანოებმა ზედმიწევნით სრულად მოიძიონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ზემოაღნიშნული დანაშაულების ეთნიკური მოტივით ჩადენის ფაქტზე. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მოსამართლე უფლებამოსილი, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31-ე ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლი, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ეთნიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას", - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობს ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის ფონი, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დამაჯერებლად და ამომწურავად გაეცეს პასუხი 19 ივნისს თბილისის "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ურთიერთშეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამოხმაურება რაც ამ ინციდენტს სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში მოჰყვა, საგანგაშოა და აუცილებელია ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიამ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში შეუწყნარებლობის ახალი ტალღის აგორება.
ამ ინციდენტის ადეკვატურად გამოძიება და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივით მსგავსი ქმედებების ჩადენის პრევენციას", - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, 19 ივლისს, 16:00-ზე სომხურ ეკლესიას 50 ადამიანი თავს ორგანიზებულად დაესხა, რის შედეგადაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება არ მიმდინარეობს ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დანაშაულით, თუმცა: "თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა, საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება".

კომენტარები