სამთავრობო ცვლილებები

წულუკიანი: შემშურდა ზოგიერთი ჩემი კოლეგის, რომელიც უკვე აღარ არის მინისტრი

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "გარკვეულწილად, შემშურდა ზოგიერთი ჩემი კოლეგის, რომელიც უკვე აღარ არის მინისტრი, ვინაიდან, მათ აგვისტოში დასვენების საშუალება მიეცემათ". მისივე თქმით, ყოფილი მინისტრები ქართული ოცნების გუნდის წევრებად რჩებიან. წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე მათგანი სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნოს.

"რა თქმა უნდა, მე მათ, რომლებთანაც ვმეგობრობ, ვესაუბრე და ისინი აბსოლუტურად მშვიდად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ისინი რჩებიან ჩვენს მეგობრებად, გუნდის წევრებად და არ არის გამორიცხული, რამდენიმე მათგანი, თუ არა ყველა, სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიხილოთ, თუკი მათი სურვილი იქნება. მე ვიცი, რომ პრემიერის მხრიდან, მათ მომავალზე საუბარიც იყო, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. რაც მთავარია, პოლიტიკური გუნდის წევრებად ისინი რჩებიან, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და ბრძოლის მიზანი არის ერთადერთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში პროგრესული სახელმწიფო შეიქმნას, რომლის გადაკეთებას, გარდაქმნას ვერც ერთი მომავალი მთავრობა ვერ შეძლებს. მომავალ მთავრობას მიეცემა საშუალება, უკვე გაკეთებულზე ააშენონ და თავიდან არ მოუწიოთ, როგორც ჩვენ გვიწევს, სახელმწიფოს შენება ძალიან ბევრ სფეროში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

კომენტარები