თვითმფრინავის ჩამოგდება

კანდელაკი: თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მთავრობას სამარცხვინო რეაქცია აქვს

timer.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დივერსანტების მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საქართველოს მთავრობის არაადეკვატურ  და სამარცხვინო რეაქციას გმობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კანდელაკის თქმით, მრავალ უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, მთელი ცივილიზებული სამყარო მომხდარ ტრაგედიაში რუსეთის ფედერაციას და პირადად ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს.

„რუსეთის ხელისუფლების პირდაპირ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და დემოკრატიული სამყაროს სხვა ლიდერები. როგორც პრეზიდენტმა ობამამ გუშინ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, ე.წ. სეპარატისტების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, გაწვრთნილია რუსეთის მიერ და იარაღიც - მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - სწორედ რუსეთიდან მიეწოდება. უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო გადაჭერები კი ადასტურებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით სახეზეა კრემლისკენ მიმავალი კვალის დაფარვის მცდელობა“, - ამბობს კანდელაკი.

როგორც გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, ამ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციაც კი თვითმფრინავის გარე ზემოქმედების შედეგად ჩამოგდების ფაქტს არ უარყოფს, საქართველოს ხელისუფლება „თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და კატასტროფის შესახებ ჯიუტად საუბრობს“.

კანდელაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ დიამეტრალურ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს მოკავშირეების პოზიციასთან და უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებასთან, არამედ ნებისმიერ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის საერთოდ ხსენებასაც ჯიუტად თავს არიდებენ.

„უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს მთავრობის მსგავსი სამარცხვინო საქციელი, არა მხოლოდ თვითლუსტრაციის ტოლფასია, არამედ, ფაქტობრივად, წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს აღიარებას არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოზეც. სამწუხაროდ, მომხდარი არ არის გასაკვირი. ოლიგარქ ივანიშვილს დიდი ხანია აკრძალული აქვს მაღალი თანამდებობის პირებისთვის კიევში ჩასვლა და უკრაინის მხარდაჭერა. უდავოა, რომ ივანიშვილის ობსესია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან“, - ამბობს კანდელაკი.  

კანდელაკის შეფასებით, მთავრობის ქმედება წარმოადგენს არა მხოლოდ დაღუპულთა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის, არამედ საქართველოს უახლესი ისტორიის უპატივცემულობასაც. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რომ 2008 წლამდე სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ამოქმედებული სცენარის მსგავსი მეთოდებით ახორციელებდა. კანდელაკი იხსენებს, რომ 1993 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მიერ შეიარაღებულმა და გაწვრთნილმა ე.წ. სეპარატისტებმა რუსეთის მიერვე გადაცემული იარაღით სოხუმში ორი სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს, რასაც საქართველოს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. 

კომენტარები