ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ჭედიას ბრალი წაუყენა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლიდან, დავით ჭედიას უფლება-მოვალეობას წარმოადგენს ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების, განკარგვის და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი მომზადებული პროექტების ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე გატანა. 

"2013 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისის მერიამ მიმართა შპს გუდაური სქი რესორტს და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოითხოვა 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გიორგი ღონიაშვილისათვის, რომელმაც შპს გუდაური სქი რესორტის ფაქტიურ მფლობელს, გიორგი კაპანაძეს შესთავაზა 50 000 ლარის სანაცვლოდ, ქ.თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. გიორგი კაპანაძისგან თანხმობის მიღების შემდეგ, გიორგი ღონიაშვილი დაუკავშირდა თავის ნაცნობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, დავით ჭედიას, რომელსაც სთხოვა შპს გუდაური სქი რესორტისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა და ამასთან დაკავშირებით ქ.თბილისის მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა. დავით ჭედიამ, მოქმედებდა რა გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს მოამზადებინა შპს გუდაური სქი რესორტისთვის პირგასამტეხლოს მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტი და დაავალა საკითხის ქ.თბილისის მთავრობის სხდომაზე გატანა. 2014 წლის 25 აპრილს ქ. თბილისის მთავრობამ დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს გუდაური სქი რესორტისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები