თავდასხმა სომეხთა ეკლესიაზე

საპატრიარქო: დაპირისპირება სომხურ ეკლესიასთან ეთნიკურ ხასიათს არ ატარებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო 22 ივლისს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის სომხურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირება არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს. საპატრიარქო გმობს ინციდენტს და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ასევე, მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც დაპირისპირებაში ეთნიკურ ნიშნებს ხედავენ, არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. 

"საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ მირზახანიანს შორის. შეხვედრა ეხებოდა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა. საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, 19 ივლისს, 16:00-ზე სომხურ ეკლესიას 50 ადამიანი თავს ორგანიზებულად დაესხა, რის შედეგადაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება არ მიმდინარეობს ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დანაშაულით, თუმცა: "თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა, საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება".

კომენტარები