გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ხელისუფლება ცრუ ჩვენების სანაცვლოდ კეის მეტალურგიულ ქარხანას დაპირდა

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება პროკურატურის მთავარ მოწმესთან, "საერთაშორისო თაღლით ჯოზეფ კეისთან შესულია გარიგებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით". გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ პირველი ჩვენების მიცემისას, ლაშა ნაცვლიშვილი ჯოზეფ კეის ბიძინა ივანიშვილის სახელით შეპირდა, რომ დაეხმარებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაში. თბილისის ყოფილი მერის ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა სანაცვლოდ მოსთხოვა მისი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა.

"ჯოზეფ კეიმ საეჭვო გარემოებებში მისცა ცრუ ჩვენება ჩემი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა ოჯახის წინააღმდეგ დავაში. ამის შემდეგ, ჩემი და კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმე გაიწელა, ხოლო შუალედში, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ინა გუდავაძემ მიიღო დახმარების პირობა. (სანაცვლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა საქართველოში სიმდიდრით მეორე ადამიანის წინასაარჩევნო მხარდაჭერა და ტელეკომპანია იმედის ლოიალური დამოკიდებულება). ამის შემდეგ, პატარკაციშვილების ოჯახი უზენაეს სასამართლოში იგებს ხსენებულ დავას, თუმცა მეტალურგიულის გარშემო დავა ამით არ ამოწურულა" - აცხადებს გიგი გულავა და აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოებში კიდევ ორი პროცესია, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ წიდას, რომლის გარეშე ქარხანა ფაქტიურად უფუნქციოა.

"ამ საქმეშიც დარჩენილია უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი წიდასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით ხელისუფლებამ კვლავ ,,გადააგდო’’ პატარკაციშვილების ოჯახი და ჯოზეფ კეი დღეს ან ხვალ გაიმარჯვებს ხსენებულ საქმეში. (თუ ეს გადაწყვეტილება დღეს უკვე არ გამოიტანა სასამართლომ). ხელისუფლება იმდენად დაბრმავებულია შურისძიებით, არად აგდებს ქარხნის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ გადაწყვეტილებით ქარხანა ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და უამრავი ადამიანი უსამსახუროდ დარჩება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ აფიორაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის სასამართლო. ამ თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვაპირებ ვისაუბრო ხუთშაბათს სასამართლო პროცესზე, რათა ფარდა აეხადოს ამ ფარსს" - აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმეს ჯოზეფ კეის თბილისის საქალაქო სასამართლო Skype-ის მეშვეობით 24 ივლისს, 14:00-ზე დაკითხავს. ბრალდების მხარემ წინა პროცესზე განმარტა, რომ კეი, როგორც ამერიკის მოქალაქე და იქ მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მოახდინოს ტექნიკური უზრუნველყოფა და მომავალ პროცესზე ჯოზეფ კეი დისტანციურად – Skype-ით დაიკითხოს. დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით, Skype-ის მეშვეობით, ჯოზეფ ქეი ხელწერით ვერ დაადასტურებს ფიცს და მისი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამორიცხული არ იქნება.მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ კი განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო შეეცდება, უზრუნველყოს, 24 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე მხარეებს მიეცეთ საშუალება, ტექნიკურად გამართულ გარემოში დასვან მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა. 

კომენტარები