საომარი მოქმედებები ისრაელში

აეროპორტთან აფეთქების გამო რამდენიმე ავიახაზმა თელ-ავივში ფრენები გააუქმა

Tovah lazaroff/Twitter

ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ისრაელის აეროპორტთან ახლოს აფეთქდა. შედეგად დაიჭრა ერთი ისრაელი. ხოლო ამერიკის, კანადის და ევროპის რამდენიმე ავიახაზმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმა.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მოუწოდა აღნიშნულ კომპანიებს გადაწყვეტილების შეცვლისკენ. მისი თქმით, ბენ-გურიონის აეროპორტი უსაფრთხოა და კარგადაა დაცული.

შეგახსენებთ, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან 640-ზე მეტი პალესტინელი და 31 ისრაელი დაიღუპა.

ისრაელის მიერ ღაზაში შესვლის მიზეზი იმ სარაკეტო თავდასხმების შეჩერებაა, რასაც პალესტინური დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით ახორციელებს.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით რეგიონში იმყოფებიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ისინი მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასი ანგარიშვალდებულია ეგვიპტის შეთავაზების უარყოფაზე, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე "დაზავებას" გულისხმობდა.

ჰამასი მიიჩნევდა, რომ "ზავზე" თანხმობა დანებებად ჩაითვლებოდა.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. სახმელეთო ოპერაცია - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები