გიგი უგულავას დაკავება

კორძაია: უსიამოვნო ფაქტი იყო, რომ უგულავა დააკავეს მორატორიუმის ფარგლებში

geonews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას თქმით, გიგი უგულავა პოლიტიკური ნიშნით არ დაუკავებიათ, თუმცა, მისი დაკავება მორატორიუმის დროს უსიამოვნო ფაქტი იყო.

"მე ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, გიგი უგულავას დაკავება ნამდვილად არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ნამდვილად უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ უგულავა დააკავეს პოლიტიკური მორატორიუმის ფარგლებში. მაგრამ ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლებოდა, გიორგი უგულავას ამ პოლიტიკური მორატორიუმით ბოროტად ესარგებლა", - თქვა კორძაიამ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ კავკასიის ეთერში თქვა, რომ სასიამოვნო არ იყო, როცა გიგი უგულავას დაკავება მაინც და მაინც გამოცხადებული მორატორიუმის დროს მოხდა.

"არ მაქვს განცდა იმისა, რომ დღეს სასამართლოს არ უნდა ვენდო და რადგან ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური დევნის ქვეშ არის, ამიტომ ასეთი განცხადება გავაკეთო. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, რომ მორატორიუმის მომენტში, როცა მორატორიუმი გამოცხადებული იყო, მაინც და მაინც ამ დროს მოხდა გიგი უგულავას დაკავება. არა იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს პოლიტიკური დევნაა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორია, გამოაცხადო მორატორიუმი და შემდეგ დააპატიმრო. მორატორიუმი არის დამატებითი ქმედება, რომლითაც ხელისუფლებამ არჩევნების დროს თავის თავზე ვალდებულება აიღო. მაგრამ ამის გამო არ მაქვს შეგრძნება, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარია", – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები