თვითმფრინავის ჩამოგდება

ენმ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რეზოლუციის მიღებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. რიგგარეშე სხდომის დაწყებისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა უმრავლესობას შესაბამისი ტექსტის მოსამზადებლად ერთობლივი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. 

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რაც მსოფლიოში განიხილება. ეს განსაზღვრავს მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ბოლო განცხადებების კვალდაკვალ, სადაც პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი, რა მოხდა, ვინ ჩამოაგდო და ასე შემდეგ, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – უკრაინის, ჰოლანდიის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს მიმართ სოლიდარობას გამოიჩენს და განცხადებას მიიღებს. ჩვენ რეზოლუციის გამზადებულ ტექსტს არ გთავაზობთ, რადგან ეს სხვადასხვაგვარ მიდგომას გამოიწვევს. გთავაზობთ, შესაბამისმა კომიტეტმა, ან უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთობლივი ჯგუფი შევქმნათ და მოკლე ხანში საერთო ტექსტი შევიმუშაოთ. პარლამენტის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რაც შექმნილ ვითარებაში ადეკვატური და ნორმალური იქნება", - განაცხადა გიგი წერეთელმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკითხი.

რიგგარეშე სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ კი აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საქართველოს პარლამენტმა დააფიქსირა, როცა შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. კობახიძემ უმცირესობას შესთავაზა, მათ ინიციატივაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ იმსჯელონ და თუ ბიურო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, განცხადების მიღების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შევა. 

17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის დაზვერვამ დეტალური პრეზენტაცია გააკეთა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ბოინგი 777 პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

კომენტარები