კანონპროექტი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

საია: კანონპროექტი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ცვლილებებს საჭიროებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, დღეს არსებული ვარიანტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და დასახული მიზნების მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს და დღეს, როდესაც სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე, ამ პროცესის წინმსწრებად "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის მიღება გამართლებული არ არის.

"წარმოდგენილ ვერსიაში საერთოდ არაა გათვალისწინებული საჯარო ინტერესის ტესტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინტერესი გადაწონის მისი საიდუმლოდ მიჩნევის ინტერესს. შესაბამისად, კანონპროექტს საჯარო ინტერესის ტესტი უნდა დაემატოს. ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ მისი გასაჯაროება სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს (ზიანის ტესტი), თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ზიანის ტესტი საკმაოდ სუსტია და ითვალისწინებს იმ ინფორმაციის მიჩნევას სახელმწიფო საიდუმლოებად, რომელსაც, მაგალითად, შეუძლია "უარყოფითი გავლენა" იქონიოს სახელმწიფოს ცალკეულ ინტერესებზე. არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის ქვეშ მოხვდეს ის ინფორმაცია, რომელიც კანონდარღვევებზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გარემოსა თუ ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საშიშროებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მამხილებლები - საჯარო მოხელეები, რომელთაც მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო საიდუმლოებაზე და მისი გასაჯაროებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ავლენენ - იყვნენ დაცულნი ამ ინფორმაციის გასაჯაროებისას.

უნდა გადაიხედოს "სისხლის სამართლის კოდექსის" ნორმები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. კერძოდ, დანაშაულად მიჩნეულ უნდა იქნეს არა უბრალოდ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, არამედ ისეთი შემთხვევა, როდესაც გამჟღავნება გამოიწვევს ზიანს, ხოლო ჟურნალისტებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა გამორიცხოს. როგორც მოქმედი კანონი, ასევე კანონპროექტი წამყვან როლს სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვაზე კონტროლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშული საკითხი გადასახედია რამდენიმე მიზეზის გამო: - შსს თავად ფლობს დიდძალ საიდუმლო ინფორმაციას და როგორც წესი, მოწადინებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იქნეს გასაიდუმლოებული; შესაძლებელია ამგვარი საკონტროლო უფლებამოსილებანი შსს-მ გამოიყენოს იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომლისთვისაც სხვა შემთხვევაში სასამართლოს ნებართვა დასჭირდებოდა; არავითარი ანგარიშვლადებულება შსს-ს მიერ ასეთი ტიპის საქმიანობის განხორციელების პროცესში დადგენილი არ არის. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჯობს საზედამხედველო ფუნქციები დაეკისროს დამოუკიდებელ ორგანოს ან ინფორმაციის კომისიონერს; მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას. საიას მოსაზრებით, მსგავსი ჩანაწერი აზიანებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელებას და მიუღებელია", - ეს არის ის არგუმენტები, რომელთა გათვალისწინებითაც საია არსებულ კანონპროექტს იწუნებს და მასში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.

საია-მ დასკვნა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

პარლამენტში ამ კანონპროექტის ავტორი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

კომენტარები