აშშ

რობერტ კაგანი: როდის უნდა გამოიყენოს აშშ-მა ძალა?

0 კომენტარი
ფოტო: Washington Post Co.

საგარეო პოლიტიკის მიმომხილველი რობერტ კაგანი მიიჩნევს, რომ აშშ უნდა დაუბრუნდეს გონივრულ დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როდის არის ძალის გამოყენება სწორი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ამერიკელი ავტორი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ყოველთვიურ სვეტში წერს, სათაურით „აშშ-ს სჭირდება დისკუსია იმაზე, თუ როდის გამოიყენოს ძალა და არა იმაზე, გამოიყენოს თუ არა ის".

„იყო თუ არა ერაყის ომი ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა, როგორც ამას ბოლო დროს ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს? მარტივი პასუხია, რომ არა, - წერს კაგანი, - „ეს პატივი ეკუთვნის ალ-ყაიდასა და ოსამა ბინ ლადენის წინაღმდეგ უმოქმედობას მანამ, სანამ 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმებმა 3000-მდე ამერიკელი არ იმსხვერპლა ამერიკისვე მიწაზე. თუ ვინმეს რამდენიმე ათწლეულით უკან გახედვა სურს, ასეთი იყო წარუმატებლობა ევროპაში ჰიტლერის შეჩერებისას და იაპონიასთან ომისგან თავის შეკავება -წარუმატებლობები, რომლის ფონზეც მცირედ მოჩანს ერაყი და ვიეტნამი, ტრაგიკული შედეგებით, ადამიანური და ფინანსური დანაკარგებით".

კაგანი წერს, რომ არის ორი სახის შეცდომა: ძალის ზედმეტად სწრაფად, ექსტრავაგანტულად ან უადგილოდ გამოყენება და საპირისპიროდ, საკმარისი ძალის გამოუყენებლობა საფრთხის შესაჩერებლად ან იმედის ქონა, რომ არსებობს ძალის ალტერნატივა მანამ, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ აღმოჩნდება ეფექტური მოქმედებისთვის.

„გასაკვირი არ არის, რომ პირველი სახის შეცდომას ხშირად მეორესთან მივყავართ. 9/11-ის გაკვეთილი ბევრისთვის, ვინც ეს გადაიტანა, ის იყო, რომ საფრთხის პირისპირ პასიურობა სახიფათო გახლდათ. ამ აზროვნებამ განაპირობა ბუშის ადმინისტრაციის ქმედებები ერაყში, ასევე ამ ქმედებების მხარდაჭერა სენატის 77 წევრისგან, დემოკრატების უმრავლესობის ჩათვლით, როდესაც მათ 2002 წლის ოქტომბერში ძალის გამოყენების ავტორიზება მოახდინეს. ... ანალოგიურად, 1930-იან წლებში აშშ-ის გლობალური პასიურობის შემდეგ ნასწავლმა გაკვეთილებმა გამოიწვია ცივი ომის ეპოქის გლობალური აქტივიზმი, ზოგჯერ გადაჭარბებულიც. შესაძლებელია კამათი იმაზე, როგორც ისტორიკოსები და ანალიტიკოსები აკეთებდნენ კიდეც, რომ ორივე შემთხვევაში ქანქარა ზედმეტად გადაიხარა, რომ უკიდურესმა დიდსულოვნებამ გადაჭარბებულ პარანოიასა და აქტივიზმთან მიგვიყვანა".

რობერტ კაგანის აზრით, ახლა კითხვა ისაა, არის თუ არა პასუხი იმაზე, რაც ბევრს ძალის თავაწყვეტილ გამოყენებად მიაჩნია, საერთოდ უარის თქმა ძალის გამოყენებაზე.

„შესაძლოა, ზოგიერთმა ამტკიცოს, რომ აშშ ძალის გამოყენების უფრო ტრადიციულ მიდგომას უნდა დაუბრუნდეს, იმ დაშვებით, რომ გასული ათწლეული არანორმალური იყო. ასეა თუ ისე, სინამდვილეში, საუკუნეზე მეტია, შტატები ხშირად ძალას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებდა", - წერს კაგანი და ამის დასტურად აშშ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციების ან ბრძოლებში ჩარევის სტატისტიკა მოჰყავს. მისი თქმით, 1898 წლიდან შტატებმა, უხეში დათვლით, 26 შეიარაღებული ინტერვენცია წამოიწყო. უფრო მცირე სამხედრო მოქმედებებისა და საზღვაო თუ საჰაერო ოპერაციების ჩათვლით, როგორიც იყო პრეზიდენტ რეიგანის მიერ კადაფის დაბომბვა, პრეზიდენტ კლინტონის ოთხდღიანი საჰაერო კამპანია ერაყის წინააღმდეგ 1998 წელს ან პრეზიდენტ ობამას მოქმედებები ლიბიაში, ეს ჩამონათვალი, სულ მცირე, ექვსჯერ დიდი გამოდის,

„თუ მხოლოდ დიდ ინტერვენციებს დავითვლით, „ჩექმით მიწაზე", 1898 წლიდან საშუალოდ ყოველ ოთხ-ნახევარ წელზე ერთი ინტერვენცია მოდის. ჯამში, ბოლო 116 წლის მანძილზე აშშ მსოფლიოს მასშტაბით ბრძოლებში 52-ში იყო ჩართული, ანუ, უხეში დათვლით, 45%-ში. ცივი ომის დასრულებიდან, აშშ-ის ინტერვენციების ნიშნული უფრო მაღალი იყო, საშუალოდ ყოველ სამ წელიწადზე ერთი ინტერვენცია. 25 წლის მანძილზე ამერიკის ჯარებმა ინტერვენცია მოახდინეს ან ბრძოლაში ჩაერთნენ 19 ანუ 75%-ზე მეტ შემთხვევაში ბერლინის კედლის დაცემიდან", - წერს კაგანი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადმინისტრაცია რესპუბლიკელებს ეკავათ თუ დემოკრატებს.

მისივე თქმით, ბევრს შეუძლია მაგალითად მოიყვანოს შემთხვევები, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენებით აშშ-მა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა, მეორე მხრივ, ზოგჯერ ძალის გამოყენება ეფექტური იყო და ხანდახან იმაზე მეტადაც, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა, მაგალითად, კორეის შემთხვევაში.

„ჩემი აზრით, შტატების მზაობა, გამოიყენოს ძალა და დაიმუქროს ძალის გამოყენებით მისი ინტერესების და ლიბერალური მსოფლიოს წესრიგის დასაცავად, იყო მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების არსებითი და გარდაუვალი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ასევე ეს ეფექტური დიპლომატიის არსებითი ნაწილია. როგორც ჯორჯ შულცმა შენიშნა სახელმწიფო მდივნად ყოფნისას, „ძალა და დიპლომატია ყოველთვის ერთად მიდიან ... რთული რეალობა ისაა, რომ დიპლომატია, რომელსაც ზურგს ძლიერება არ უმაგრებს, უნაყოფოა.

დღეს შეკითხვა ისაა, როგორ ვიპოვოთ სწორი ბალანსი, თუ როდის გამოვიყენოთ ძალა და როდის არა. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პასუხი სადღაც „ყოველთვისა" და „არასოდეს" შუაში ძევს. იქნებ შეგვიძლია, დავშორდეთ ამჟამინდელ ცრუ-მანიქეისტურ ბრძოლას საფრთხობელებსა და კარიკატურებს შორის და დავუბრუნდეთ გონივრულ დისკუსიას იმის თაობაზე, როდის არის ძალა სწორი ინსტრუმენტი", - წერს რობერტ კაგანი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები