კრიზისი უკრაინაში

ტერორისტებმა უკრაინაში ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, ეს რუსეთ-უკრაინის საზღვართან, საურ-მოგილას მიდამოებში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს მოხდა. მოიერიშეების მფრინავები არ დაშავებულან. პარალელურად, რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც ცეცხლს უხსნიან უკრაინელ სამხედროებს რუსეთის ტერიტორიიდან. დღეს რუსმა სამხედროებმა ასევე უკრაინის საზღვარზე შეტევის იმიტაცია მოაწყეს - საზღვარს ტექნიკით მიუახლოვდნენ, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ. პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

უკრაინის ქალაქ ხარკოვის აეროპორტიდან დონეცკთან მომხდარ ტერაქტში დაღუპულთა ცხედრების ნაწილი ნიდერლანდებში გაგზავნეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია მოეწყო. პირველი რეისით ამსტერდამში 16 დაღუპულის ცხედარი გაიგზავნა, მეორე რეისით - კიდევ 24-ი.   სულ მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლებამ, მალაიზიასა და ნიდერლანდებთან შეთანხმებით, ლაინერის შავი ყუთები გამოსაკვლევად დიდ ბრიტანეთში გაგზავნა.

ამერიკული სპეცსამსახურების აზრით, მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. როიტერის ცნობით, ამერიკის დაზვერვა მიიჩნევს, რომ სამგზავრო ბოინგის განადგურება შეცდომით მოხდა. სპეცსამსახურებში აღნიშნავენ, რომ სეპარატისტები რუსეთმა შეაიარაღა და გაწვრთნა, თუმცა ტერაქტში რუსეთის უშუალო მონაწილეობის მტკიცებულება მათ არ გააჩნიათ.  

კომენტარები