თბილისის მერია

მერის მოვალეობის შემსრულებელი: ყველა სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს

Wikipedia

თბილისის საქალაქო სტრუქტურების ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას 2 აგვისტომდე განაგრძობენ. 
თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები ესწრებოდნენ.

მთავრობის სხდომის ხელმძღვანელის, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელის პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, მერიის ყველა სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ყველა სერვისი მოქალაქეებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არანაირ საბოტაჟს ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, შემდგომი 11 დღის განმავლობაში სანამ მერიაში ახალი მთავრობა მოვა, მუშაობას ასევე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. 

პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, თბილისის ახლად არჩეული მერის იურისტები გუშინ იმყოფებოდნენ მერიაში და იურისტებთან კონსულტაციები ჰქონდათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერიის ძველი გუნდი მუშაობას 2 აგვისტომდე გააგრძელებს. მისივე თქმით, 2 აგვისტოს შემდეგ, იგი თავად არ აპირებს დარჩეს მერიაში თანამდებობაზე და ასეთი შემოთავაზება არც მიუღია. პეტრიაშვილის აზრით, დედაქალაქის ახალი მერი დავით ნარმანია თბილისის მერიაში ახალი გუნდით მივა და უმჯობესია, ასპარეზი მათ დაუთმონ. 

ცნობისთვის, თბილისის არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ მერიის სამსახურებს მიმართა, "არ დაარღვიონ კანონი, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად". დავით ნარმანია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს, დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას.

კომენტარები