ღარიბაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან

ღარიბაშვილი: მინისტრებად უფრო ენერგიული და მოტივირებული ხალხი დავნიშნე

ზოგიერთ მინისტრს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ის მინისტრები შეცვალა, რომლებიც ნაკლებად ეფექტურები იყვნენ.

"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დამღა დაესვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და ხშირ შემთხვევაში მინისტრები დამოკიდებულნი იყვნენ პრემიერმინისტრზე, პრეზიდენტზე, მათ დავალებებს ელოდებოდნენ. ასე იყო და, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ არის ჩემს მთავრობაშიც. ზოგიერთ უწყებაში უჭირდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ვერ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება დროულად. მე ამაზე ყოველთვის ვსაყვედურობდი და ვსაყვედურობ მინისტრებს, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, იყვნენ უფრო გაბედულები, რისკიანები, რადგან ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ჩვენს ხალხს გავუკეთოთ მეტი და არ გვაქვს დრო, ბევრი ვიფიქროთ. შეიძლება შეცდომები დავუშვათ, შეცდომებს ვუშვებთ ყველა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს რწმენა, რომ ის სწორ საქმეს აკეთებს, ის შეცდომა მარტივად იქნება გამოსწორებული", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, მან გადაწყვიტა, ამ მინისტრების ადგილზე უფრო ენერგიული და მოტივირებული ადამიანები დაენიშნა, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურად ემსახურებიან ხალხს.

"მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი და ის არ მიმიღია ბოლო ორი დღის განმავლობაში. მანამდე აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ ისინი. მათ ჰქონდათ თავისუფლება, რომ სრულად წარმოეჩინათ თავიანთი თავი და მოეხდინათ მათი პოტენციალის რეალიზება. ის მინისტრები, რომლებიც არ დარჩებიან მინისტრთა კაბინეტში, არ აღმოჩნდნენ ისეთი ეფექტურები, როგორიც სხვები არიან და ამიტომ გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო მათი ჩანაცვლება უკეთესით. ესაა ჯანმრთელი პროცესი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები