ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

უგულავა: შემოდგომაზე ღარიბაშვილი წულუკიანს და ალასანიას გადააყენებს

Gigi Ugulava
Tabula

მინისტრების ცვლილება ივანიშვილის ”ეშმაკის ბორბალია”, რომელსაც შემოდგომაზე სხვა მინისტრების მოხსნა მოყვება, - ამის შესახებ გიგი უგულავა თავის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ყოფილი მერის აზრით, რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, შემოდგომაზე ალასანიას, ფანჯიკიძეს, წულუკიანს, პეტრიაშვილსა და ალბათ სანიკიძეს მოხსნიან. მისი აზრით, ეს ცვლილებები უელსის სამიტის შემდეგ მოხდება. 

”სინამდვილეში ეს ცვლილებები ტრადიციული „სამთავრობო კარუსელისგან“ განსხვავდება და მას მე „ივანიშვილის ეშმაკის ბორბალს“ დავარქმევდი. მაშ ასე, შეიცვალა შვიდი მინისტრი, შესაბამისად პრემიერს სჭირდება პრეზიდენტის თანხმობა (სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა გაძევებულთა თუ გადათამაშებულთა რიგებში მარგველაშვილის პროტეჟე სანიკიძე). რაც მთავარია, პარლამენტში დროთა ვითარებაში სულ უფრო და უფრო გართულდება ხშირი სამთავრობო ცვლილებების დამტკიცება. ამ ცვლილებებით მთავრობა შეივსებს 1/3 ლიმიტს, რომელიც რეალობაში 5 მინისტრის ცვლილებას გულისხმობს, პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე და აქედან 2 უკვე გასროლილი იყო. სანიკიძე, რომელმაც მარგველაშვილი შეცვალა და ნარმანია, რომელიც ხოკრიშვილმა ჩაანაცვლა. ეს ყველაფერი კომპიუტერულ თამაშს გავს, სადაც დარჩენილი სიცოცხლეები (ანუ მინისტრები) ბევრს არაფერს ნიშნავს, განსხვავებით მაშინ, როცა „4-5 მოღალატე მთავრობაში“ გეგულება (პრემიერ ღარიბაშვილის ისტერიული ფრაზა, წარმოთქმული ორი თვის წინ მთავრობის სხდომაზე). მაშ ასე, შემდეგი და მთავარი ცვლილებები შემოდგომაზე მოხდება, როცა 5 მინისტრს ალასანიას, ფანჯიკიძეს, წულუკიანს, პეტრიაშვილს და ალბათ სანიკიძეს მოხსნიან ისე, რომ პრემიერ ღარიბაშვილს არც პრეზიდენტი დასჭირდება და არც პარლამენტის თანხმობა. დიასპორების აწ უკვე მოხსნილმა მინისტრმა სურგულაძემ (რომელიც შეიძლება არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც აფუჭებდა) შეუძლია იამაყოს, რადგან პირველად და უკანასკნელად სამთავრობო მოღვაწეობის პერიოდში თავისი მოხსნით მიენიჭა ფუნქცია. ის ეხლა მხოლოდ იმიტომ მოიხსნა, რომ შემდგომში ცვლილებებს, როგორც „ერთი-ორი მოღალატე“ არ მიჰყოლოდა და შემთხვევით სამთავრობო კრიზისი არ გამოეწვია (მას ალასანიას კაცად იცნობენ მთავრობაში)”, - წერს გიგი უგულავა.

უგულავას აზრით, ეს სამთავრობო ცვლილებები კარგი არაფრის მომტანია და ერთადერთი გამოსავალი ღარიბაშვილის გადადგომა, მასთან ერთად კი ივანიშვილის მთავრობიდან ჩამოშორებაა.

”სამწუხაროდ, ივანიშვილს გარდაუვალი კატასტროფისკენ მიყავს ქვეყანა და გამოსავალი ყველა ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის გაერთიანებაა და მისი „ყმის“ ღარიბაშვილის მთავრობიდან ჩამოშორებაა. ამიტომ საზოგადოების მოთხოვნა არა შვიდ ძველ-ახალ სახეშია, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა და ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობისაგან ჩამოშორება უნდა იყოს!!!” - წერს უგულავა.

კომენტარები