ღარიბაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან

პრემიერი: მძიმეა, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საკითხებს, საქართველოს მხარეს და რუსეთის მხარეს, ამაში საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ". ტელეკომპანია იმედის გადაცემა პოლიტიკის დროს წამყვანმა პრემიერს ჰკითხა - "ბოინგ 777-ის ტრაგედიის შემდეგ, კიდევ რჩება რაიმე რესურსი, რომ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შედგეს?", რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საზარელი ფაქტი მოხდა, მაგრამ "ჩვენ ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ". ირაკლი ღარიბაშვილის აზრითვე, "ისინი, ვინც ცდილობენ რუსეთ-საქართველოს დაბალანსებული, ნორმალიზებული ურთიერთობის ხელახლა არევას, ისინი არიან ქვეყნის მტრები".

საქართველოს პრემიერის განცხადებით, აღმაშფოთებელია თვითმფრინავის ტრაგედია. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე დადგინდება, "რეალურად რა მოხდა და ვინ ჩაიდინა ეს მართლაც საზარელი ფაქტი".

"რესურსი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კონსტრუქციული იყოს. ჩვენ ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ. მე მესმის და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში ხდება და ამასთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვართ, ვიზიარებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სრულად, ერთი ერთში. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საკითხებს, საქართველოს მხარეს და რუსეთის მხარეს, ამაში საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახან შედგა მორიგი წარმატებული შეხვედრა ბატონ კარასინსა და ბატონ აბაშიძეს შორის, საკმაოდ წარმატებული, პოზიტიური დიალოგი იყო. ამასთან, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკის სამინისტროების ექსპერტებს შორის შედგა პირველი საკონსულტაციო შეხვედრა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმოხილვაზე", – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "ამ მიმართულებით საქართველომ უნდა გააგრძელოს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა და ეს არის პრაგმატულ, გონოვრულ პოლიტიკაზე დაფუძნებული".

მისივე თქმით, "ის პოლიტიკა, რაც ჩვენ დავიწყეთ - კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დიალოგის ნორმალიზება იყო აშშ-ის და ევროპელი პარტნიორების პირველი, მეორე, მესამე რეკომენდაცია და ეს გრძელდება. ზოგ ქვეყანას გამოსდის, ზოგს არა, ზოგს კარგად გამოსდის ზოგს ცუდად". პრემიერის შეფასებით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება წარმატებულად შეძლო და ამის დადასტურებაა, რომ რუსეთმა გახსნა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.

"შევძელით და კონსტრქციულ დიალოგში გადავიყვანეთ ურთიერთობა. ამან რეალური შედეგი გამოიღო. დაიწყო რეალური დათბობის პოლიტიკა, ვგულისხმობ ტექნიკურ ურთიერთობებს. კითხვაზე, გვაქვს თუ არა შედეგი პოლიტიკური ურთიერთობების მხრივ, ვიტყვი, რომ არ გვაქვს. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო კონფლიქტის საკითხებში - რაც ეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. მაგრამ სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ტექნიკური-სავაჭრო-კულტურული ურთიერთბები, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა და აღნიშნა, რომ "ჩვენი პოლიტიკა არის გონივრული, პრაგმატული, რეალურ შედეგზე ორიენტირებული და ამაში დევს მხოლოდ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები".

კომენტარები