საომარი მოქმედებები ისრაელში

საომარი მოქმედებებისას სულ ცოტა 710 პალესტინელი და 35 ისრაელია დაღუპული

EPA

პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერი ხალედ მეშალი ამბობს, რომ ისრაელის მისამართით ცეცხლს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ ისრაელი არ დაასრულებს ღაზის სექტორის ბლოკადას. მისი თქმით, ჰამასი გაარძელებს ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას, სანამ პირობები დაჯგუფებისთვის მისაღები არ იქნება.

ჰამასი აგრძელებს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას, ისრაელი კი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას.

ამ დროისთვის, საომარი მოქმედებებისას სულ ცოტა 710 პალესტინელი და 35 ისრაელია დაღუპული.

ისრაელის მიერ ღაზაში შესვლის მიზეზი იმ სარაკეტო თავდასხმების შეჩერებაა, რასაც პალესტინური დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით ახორციელებს.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით რეგიონში იმყოფებიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ისინი მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასი ანგარიშვალდებულია ეგვიპტის შეთავაზების უარყოფაზე, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე "დაზავებას" გულისხმობდა.

ჰამასი მიიჩნევდა, რომ "ზავზე" თანხმობა დანებებად ჩაითვლებოდა.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. სახმელეთო ოპერაცია - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები