მთავარი პროკურატურა

ენმ: პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "დღევანდელი პროკურატურის ამოცანა იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც ამ მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე". პარტია სისხლის სამართლის პრაქტიკოსი უცხოელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ამასთან, საპარლამენტო ოპოზიცია კითხვას სვამს: რა დაუჯდა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა ბიუჯეტს. პარტია იქვე აღნიშნავს, რომ "ვერანაირი კონსულტანტები ვერ უშველიან იმ ფაქტს, რომ პროკურატურის ქმედებებისა და ბრალდებების მთავარი მოტივი არის პოლიტიკური დევნა, მტკიცებულებები შეთითხნილია ივანიშვილის მითითებით, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებებია ნაკარნახები".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ საქართველოს პროკურატურას კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს". ენმ აღნიშნავს, რომ პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების რჩევები მისასალმებელიც იქნებოდა, რომ არა ერთი შემაშფოთებელი ფაქტორი.

"პროკურატურის განცხადებამ ცხადყო, რომ მთელი ძალისხმევა გადატანილი აქვთ არა გაზრდილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ ოპონენტების პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე. პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი. ამასთან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აღმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის მიერ "მოპარული" მილიარდები, ისინი გადავიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლების, ადმინისტრაციის კვების ბლოკის უფროსის და დამლაგებლების დაბარებებზე და დაკითხვებზე", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასა და უცხოელ სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტებს შორის მიღწეული შეთანხმებით, შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს სამართლის სფეროში არსებულ მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებს. საქართველოს პროკურატურის შეფასებით, "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას".

მთავარი პროკურატურის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდნენ იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.  

კომენტარები