სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი წარდგინება მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა. მისი თქმით, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის მთელ შემადგენლობას და მათ შორის პრემიერმინისტრს.

"მთავრობის თავდაპირველი ნდობაგამოცხადებული შემადგენლობა, როგორც ცნობილია, ერთი მესამედით განახლდა. კონსტიტუციის 81-ე 1-ლი პრიმა მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს გადაუგზავნა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად. პარლამენტს აქვს 7 დღე, რათა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უყაროს. იმ შემთხვევაში თუ ნდობის გამოცხადება არ მოხდა, კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები გაგრძელდება – თავდაპირველად მეორედ ეყრება კენჭი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ნდობის მოპოვება, უკვე პარლამენტის წევრთა 2/5-ის მიერ ხდება პრემიერმინისტრის კანდიდატის შერჩევა. თუ პარლამენტმა ამ შემადგენლობასაც არ გამოუცხადა ნდობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს საკანონმდებლო ორგანოს. ეს არის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური პროცედურა", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 26 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. უმრავლესობას მინისტრთა განახლებული კაბინეტის დასამტკიცებლად 76 ხმა დასჭირდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები ორი დღის წინ დაასახელა. პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე - გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრად - მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით შავლეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად - გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს. 

კომენტარები