კრიზისი უკრაინაში

უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უმრავლესობა ვიტალი კლიჩკოს პარტია უდარის და ოლეგ ტიაჰნიბოკის პარტია სვობოდას დეპუტატებმა დატოვეს. უმრავლესობიდან სხვა დეპუტატებიც გავიდნენ. რადას წევრები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დაშლა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, რადა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

"ვაცხადებ, რომ ფრაქცია სვობოდა გამოდის კოალიციიდან. დღევანდელ სიტუაციაში ისეთი პარლამენტი, რომელიც ხელს აფარებს სახელმწიფო დამნაშავეებს, მოსკოვის აგენტურას, პარლამენტი, რომელიც სადეპუტატო მანდატს უნარჩუნებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც კრემლზე მუშაობენ, აღარ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პარტია სვობოდას ლიდერმა ოლეგ ტიაჰნიბოკმა.

დეპუტატების გადაწყვეტილება რადას სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამით შესაძლოა საბიუჯეტო ცვლილებებისა და ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება ჩავარდეს.

მანამდე ალექსანდრ ტურჩინოვმა პარლამენტში კომუნისტური პარტიის ფრაქცია დაშლილად გამოაცხადა. ამის ფორმალური მიზეზი ფრაქციაში დარჩენილ დეპუტატთა მცირე რაოდენობა გახდა. თუმცა უმრავლესობის წევრებს არაერთხელ გამოუთქვამთ აღშფოთება კომუნისტების ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის გამო. რადას სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ კომუნისტთა ფრაქცია უკრაინის პარლამენტში ვერასოდეს აღდგება. 

კომენტარები