ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამია და ხუთი სხვა პირი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ალეკო ხეთაგური, თელასის ყოფილი გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, ასევე, კახა დამენია, გიორგი ნემსიწვერაძე და იზაბელა გუტიძე უდანაშაულოდ სცნო. სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

ნიკა გვარამიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას, ასევე 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და 362–ე – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, გამართლებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მათ შემტან პირებს.

კომენტარები