ავიაკატასტროფა ალჟირში

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები მალიში იპოვეს

LOUAFI LARBI / REUTERS

გუშინ გაუჩინარებული ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მალიში იპოვეს, მგზავრთა და ეკიპაჟის წევრებს შორის არავინ არ გადარჩენილა. ამის შესახებ ბურკინა ფასოს საგამოძიებო კომისიაში განაცხადეს. ესპანური კომპანია სვიფტეარის თვითმფრინავი ალჟირის ავიახაზების დაკვეთით რეისს ბურკინა ფასოს დედაქალაქიდან ალჟირში ასრულებდა. ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

"რამდენიმე წუთის წინ თვითმხილველმა გვაცნობა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაინახა. ამჟამად შემთხვევის ადგილისკენ მაშველთა ჯგუფი მიემართება, ეს ადგილი მალის ტერიტორიაზეა და ამ ქვეყნის ხელისუფლებასაც შევატყობინეთ" - განაცხადა ანტიკრიზისული ჯგუფის კოორდინატორმა ჟილბერ დიენდიერმა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე არავინ გადარჩენილა. დაღუპულთა შორის საფრანგეთის 50-მდე მოქალაქეა. ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო მიმართვით გამოვიდა, დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება კატასტროფის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

კომენტარები