ჩიხურა-ბურსასფორი

ჩიხურა-ბურსასფორის შემდეგ ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა იჩხუბეს

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით - 4:1 დაამარცხა თურქული ბურსასფორი და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწია.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის დამთავრებისას მოედანზე თუ მის გარეთ, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამარჯვების მომტანი, ბოლო თერთმეტმეტრიანი დარტყმის ავტორმა თორნიკე მუმლაძემ, სტუმართა გულშემატკივრებს უსიამოვნო ჟესტი უჩვენა, რაც სავარაუდოდ უეფას ყურადღების ღირსი გახდება და ფეხბურთელი გარკვეულ სასჯელს მიიღებს. ამ ფაქტმა ბურსასფორის გულშემატკივრებში დიდი აგრესია გამოიწვია, მათ მოედანზე საგნების სროლა დაიწყეს, ფეხბურთელები კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაურიანი გამოდგა მატჩისშემდგომი პრესკონფერენციაც - თურქთა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ჩიხურას ხელმძღვანელობამ თურქი თარჯიმნის მომსახურება არ უზრუნველყო. თავის მხრივ, ადგილზე იყო ქართული და ინგლისური ენის თარჯიმანი, რაც უეფას მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამის შემდეგ, ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე ბაქოს ნეფთჩი იქნება. პირველი შეხვედრა ბაქოში 31 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი თბილისში 7 აგვისტოს შედგება.

კომენტარები