ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე: ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კომენტარი იმ ინტერვიუზე გააკეთა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობდა. ჭიკაიძემ აღნიშნული ინტერვიუ პრაიმტაიმს მისცა. დღეს მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ”კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო”.

”ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი”, - თქვა ჭიკაიძემ.

პრაიმტაიმთან ინტერვიუში ჭიკაიძე ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. "მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ. მე მჯერა, ჩვენი ოპონენტები თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს", - ამბობდა ჭიკაიძე ინტერვიუში.

კომენტარები