თავდაცვის ბიუჯეტი

ალასანია: პრაქტიკულად კონსენსუსია NATO-ში ჩვენი თავდაცვის შეიარაღების გაზრდაზე

პარლამენტში უმცირესობის შეკითხვებს ირაკლი ალასანიამაც უპასუხა. პირველი შეკითხვა მას თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით დაუსვეს უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონში.

მისი თქმით, ძალიან სერიოზული სამუშაო აქვთ ჩატარებული უკვე ფინანსთა მინისტრთან. იმ საფრთხეებმა კი, რაც რეგიონში არსებობს, განსაკუთრებით მას მერე, რაც უკრაინაში დაიწყო აგრესიული აქციები რუსეთის ფედერაციამ, ალასანიას თქმით, ბუნებრივია, როგორც საქართველოში ასევე ევროპის ქვეყნებში და მათ შორის NATO-ს ქვეყნებში, ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა გამოაჩინა.

”აქედან გამომდინარე, ჩვენც პრემიერთან არაერთი თათბირი გვქონდა და მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს და მოთხოვნა გვაქვს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რომლის დიდი ნაწილიც მიმართული იქნება წვრთნებზე და ასევე საგანგებო ზომები გვაქვს დაგეგმილი თავდაცვითი შეიარაღების კიდევ უფრო სრულყოფაზე”, - ამბობს ალასანია.

ასევე ის შეეხო საკუთარ ინიციატივას NATO-ს თავდაცვითი სისტემების განთავსების შესახებ. ალასანიამ გაიხსენა, რომ მან ეს ინიციატივა იმ კითხვის პასუხად წამოაყენა, თუ რა უნდა გააკეთოს NATO-მ, რომ უფრო ეფექტურად აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიას, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით.

”პრაქტიკულად კონსენსუსია NATO-შიც, რომ უნდა მოხდეს საქართველოს თავდაცვის შეიარაღების გაზრდა, რაც შეიძლება სწრაფად. მათ შორის, საჰაერო თავდაცვის და არა ანტისარაკეტო თავდაცვის, როგორც ეს რუსეთის მიერ იყო ტირაჟირებული. ამ კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია ნდობის ჯგუფთან უფრო დახურულ ფორმატში განვიხილოთ, რა გეგმებია თავდაცვის შეიარაღების განვითარების კუთხით”, - თქვა ალასანიამ.

მან ბიუჯეტთან დაკავშირებით დააზუსტა, რომ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ხარჯების გათვალისწინებით, სასურველია, თავდაცვის ბიუჯეტი 11%-ით გაიზარდოს.

 

კომენტარები