ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური პროფესიული სწავლება საქართველოში

ინკლუზიური განათლების პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო. ნორვეგიის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ის დახვეწისა და ათვისების პროცესშია. საქართველოში 2006 წლამდეც არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ინკლუზიური განათლება ესაჭიროებოდათ, მაგრამ პროგრამის არარსებობის გამო მრავალი შეზღუდული შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი დარჩა განათლებისა და 9 კლასის ატესტატის გარეშე. ამ ატესტატის არმქონე კი, პროფესიულ სასწავლებელში ვერ მოხვდება.

განათლების სამინისტროში ინკლუზიური პროფესიული სწავლების პროექტი უკვე 1 წელია მიმდინარეობს და მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე 6 პროფესიული სასწავლებელია ჩართული, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთათვის ადაპტირებულ გარემოში, სპეცპედაგოგების თანამონაწილეობით პროფესიული სწავლება მიმდინარეობს.

ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯს ტაბულა ესტუმრა. აქ სტუდენტები ვებპროგრამისტის, ბუღალტრის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, კალატოზის, დურგლის, მებაღისა და 25-მდე სხვა პროფესიას ეუფლებიან. სასწავლებლის დირექტორის თქმით, კოლეჯში ჩარიცხვისათვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

"ყოველი აბიტურიენტის არჩევანი აბსოლუტურად თავისუფალია, ისინი თვითონ ირჩევენ პროფესიას, იღებენ სრულ ინფორმაციას სპეციალისტებისგან, შემდგომ თვითონვე ღებულებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგომ ხდება ჩარიცხვა კონკრეტულ ფაკულტეტზე და იწყებენ სწავლას.

თუმცა ხშირი შემთხვევაა, როცა აბიტურიენტს არ აქვს ზოგადი განათლება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ არ შეეშალოთ ხელი და არ ჰქონდეთ არანაირი ბარიერი, ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 9 შშმ სტუდენტი, გვყავს აგრეთვე სამი სპეციალისტი, რომელებიც მომზადებულნი არიან კონკრეტულ მიმართულებაში, ისენი არიან სპეციალური განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც ეხმარებინ პედაგოგებს დაგეგმარებაში, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პირისთვის განათლების პროგრამის გაიოლება, მათი ნიჭის რეალიზება", - განაცხადა მათე ტაკიძემ

საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა მაია წულაძე ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში მოსახვედრად საჭიროა გარკვეული უნარ-ჩვევები და ცოდნა, რასაც ადამიანს 9 კლასის განათლება აძლევს.

"ადამიანს, რომელსაც შესაძლოა არ უვლია სკოლაში, მაგრამ სხვადასხვა არაფორმალური საშუალებებით მიიღო ცოდნა, ეძლევა საშუალება გამოავლინოს ეს ცოდნა და ამის დასადასტურებელი ატესტატიც მიიღოს. როცა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა გამოცდაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ხდება ამ ადამიანის საჭიროებების შესწავლა, საგამოცდო დროის გახანგრძლივება, სხვადასხვა ადაპტირებული საშუალებების გამოყენება, გარკვეული ცვლილებების შეტანა, ეს იქნება ზეპირი, თუ წერა არ შეუძლია. პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მიღებისას, ხდება შეფასება - დადასტურების საფუძველზე.

ის რომ ამ ადამიანს რეალურად აქვს საგანმანათლებო საჭიროებები, ის არ აბარებს იმავე წესით, როგორც სხვა, არამედ ეძლევა საშუალება პროფესიულ სასწვლებელში რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. ეძლევა წინასწარ შერჩეული 3 პროფესიის შერჩევის შესაძლებლობა, თუ რომლის შესწავლა სურს. აგრეთვე პროფესიულ სასწავლებელში დაემატა პროფესიები, როგორიცაა ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ასისტენტი. ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი სპეციალისტის ძირითადი ფუნქციაა, მეთოდოლოგიური დახმარება გაეწიოს პირს უშუალოდ სასწავლო პროცესში, ასისტენტი სჭირდება ფიზიკური აქტივობის შესასრულებლად თავის მოვლის კუთხით", - ამბობს წულაძე.

ამჟამად განათლების სამინისტროში მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით, პროფესიული განათლების შესახებ კანონის რევიზია მიმდინარეობს. პროფესიულ სასწავლებელში საბუთების მიღების პროცესი 25 აგვისტოდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გასტანს. სასწავლებლების და პროფესიების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირები ვებგვერდზე vet.ge მიიღებენ.

 

კომენტარები